Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი: ზოგი, როგორც ჩანს, ისევ არ იგებს, რომ დემოკრატია მოითხოვს შეხედულებების მრავალფეროვნებას


აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, მედიასთან საუბარში, შესაბამისი კითხვის პასუხად, შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეჩერებისა და საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე შესაძლო უარის შესახებ მმართველი პარტიის განცხადება. სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ ღონისძიებამდე დეგნანმა მედიას უთხრა, რომ „ზოგი, როგორც ჩანს, ისევ არ იგებს, რომ დემოკრატია მოითხოვს შეხედულებების მრავალფეროვნებას, ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს და უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის“.

აშშ-ის ელჩის თქმით, საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი ეთანხმებოდა, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერი დადებითი საკითხი იყო, ისევე როგორც საარჩევნო რეფორმა, 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერამდე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში. დეგნანის თქმით, ამას დადებით შეფასებას აძლევდნენ საერთაშორისო ექსპერტებიც და სამწუხარო იქნება, თუ ვერ განხორციელდება ის, რასაც დადებითად აფასებდა ბევრი პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის მმართველი პარტიაც.

„2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი პოზიტიური შედეგი იყო ის, რომ უფრო დაბალმა საარჩევნო ბარიერმა 9 ძალიან განსხვავებულ პარტიას საშუალება მისცა შესულიყო პარლამენტში. საარჩევნო ბარიერი რომ დარჩეს, 5% ეს ნიშნავს, რომ მომავალ არჩევნებში მის გადალახვას, სავარაუდოდ, 2-3 პარტია შეძლებს. ეს არ არის ტრაექტორია, რომელიც მეტ მრავალფეროვნებას გამოიწვევს, პარლამენტში მეტი განსხვავებული შეხედულების წარდგენის საშუალებას შექმნის. ვფიქრობ, ძალიან სამწუხარო იქნება, თუკი ის, რაზეც ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი პარტია, შეთანხმდა, რომ დადებითი ფაქტია, არ განხორციელდება,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უარყოფითად შეაფასეს არასამთავრობო სექტორშიც.

ირაკლი კობახიძემ არაერთხელ, ბოლოს კი 30 ნოემბერს თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არ განიხილება და რომ ცვლილებების განხილვა დამოკიდებული იქნება "სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე."

საკონსტიტუციო კანონის პროექტის ინიცირება, რომელიც მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნების 2%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს, შარლ მიშელის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. ცვლილებები პარლამენტმა I მოსმენით, 7 სექტემბერს მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საჯარო კომენტარებში არ გამორიცხეს, რომ საარჩევნო ბარიერი, შესაძლოა, შეიცვალოს და 3% გახდეს.

XS
SM
MD
LG