Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელი უმაღლესი სამხედრო პატივით გააცილეს


ანგელა მერკელი მისი გაცილების ცერემონიაზე. ბერლინი, 2021 წლის 2 დეკემბერი
ანგელა მერკელი მისი გაცილების ცერემონიაზე. ბერლინი, 2021 წლის 2 დეკემბერი

გერმანიის ფედერალური კანცლერის თანამდებობიდან ანგელა მერკელის გაცილების ცერემონია გაიმართა ბერლინში, თავდაცვის სამინისტროს ეზოში. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ცერემონიაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იყო. მასში მონაწილეობდა 200-მდე ადამიანი, მათ შორის 52 პოლიტიკოსი, რომლებსაც მერკელის 16-წლიანი მმართველობის პერიოდში ეკავათ მინისტრების თანამდებობები. 2 დეკემბერს, გვიან საღამოს გამართულ ცერემონიაზე გამოსვლისას ანგელა მერკელმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პანდემიასთან ბრძოლაში მონაწილეობს.

მერკელის სურვილით, გერმანიის შეიარაღებული ძალების ორკესტრმა მე-18 საუკუნის ქრისტიანული ჰიმნის გარდა, ცერემონიაზე შეასრულა გერმანიის გაერთიანებამდე, დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიაში პოპულარული ორი კომპოზიცია.

გაცილების ცერემონია(Der Große Zapfenstreich) მიჩნეულია სამოქალაქო პირის მიმართ გერმანიის შეიარაღებული ძალების მიერ უმაღლესი პატივისცემის გამოხატულებად. ფედერალური კანცლერების გარდა, ამ ცერემონიით აცილებენ თანამდებობიდან წასულ ფედერალურ პრეზიდენტებს და თავდაცვის მინისტრებს. ცერემონია, როგორც წესი, საღამოს იმართება. სამხედროები ტრადიციულად, ჩირაღდნებს ანთებენ.

ანგელა მერკელი, რომელიც ამჟამად 67 წლისაა, გერმანიის ფედერალურ მთავრობას 16 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ქრისტიან-დემოკრატი მერკელი კანცლერი იყო 2005 წლის ნოემბრიდან. გერმანიის პირველი ქალი კანცლერი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარეობას 2018 წლიდან ჩამოშორდა და განაცხადა, რომ 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კანცლერობის კანდიდატი აღარ იქნებოდა.

გერმანიაში 26 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის და ქრისტიანულ-სოციალური კავშირის კონსერვატიული ბლოკი(CDU/CSU) სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან(SPD) დამარცხდა. გერმანიის ფედერალური კანცლერის თანამდებობას დაიკავებს სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი.

XS
SM
MD
LG