Accessibility links

site logo site logo

თალიბანმა გამოსცა ბრძანებულება ქალთა უფლებების დაცვის შესახებ


ავღანეთში თალიბანმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც შეიცავს მოწოდებას ქალთა უფლებების დაცვის შესახებ. ლაპარაკია იმ უფლებებზე, რომლებსაც უკვე შეიცავს შარიათის კანონი. მაგრამ ბრძანებულებაში არ არის ნახსენები ისეთი სფეროები, რომლებიც განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს დასავლეთის მთავრობებისა და უფლებადამცველთა მხრიდან, განსაკუთრებით, განათლება და შრომის უფლება.

3 დეკემბერს გამოცემული ბრძანებულება ლიდერებს ავღანეთის მთელს საზოგადოებაში მოუწოდებს, „სერიოზული ნაბიჯები გადადგან ქალთა უფლებების დასაცავად.“

დოკუმენტში ლაპარაკია გათხოვებასა და ქვრივი ქალების უფლებებზე. „არავის აქვს უფლება, ძალდატანებით ან ზეწოლით აიძულოს ქალები, რომ გათხოვდნენ“, - ნათქვამია ბრძანებულებაში.

მაგრამ მასში კონკრეტულად არაა ნახსენები არასრულწლოვანთა ქორწინება. მასში ასევე არაა ნახსენები გოგონების საშუალო განათლება, რაც შეწყდა ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლის შემდეგ. არაა ნახსენები არც ქალთა დასაქმება. მას შემდეგ, რაც აგვისტოში ავღანეთში ხელისუფლების სათავეში თალიბები მოვიდნენ, ქალებს აეკრძალათ საჯარო სამსახურებში დასაქმება.

დასავლეთის მთავრობები, გაერო და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ. ისინი გასამხედროებული დაჯგუფებისგან მოითხოვენ, შეიქმნას ინკლუზიური მთავრობა და დაიცვას ავღანეთის ყველა მოქალაქის, მათ შორის უმცირესობებისა და ქალების, უფლებები.

ქალთა უფლებები მკვეთრად შეიზღუდა, როცა თალიბანი იყო ხელისუფლების სათავეში 1996-2001 წლებში, მაგრამ თალიბანი აცხადებს, რომ ახლა ის ბევრად უფრო ზომიერ პოლიტიკას ატარებს.

თუმცა გოგონებისა და ქალების უფლებები კვლავ შეიზღუდა. ქალთა დიდ უმრავლესობას აეკრძალა მუშაობა, გოგონებსა და ქალებს წაერთვათ განათლების უფლება, რის გამოც მნიშვნელოვანმა დონორებმა გადაწყვიტეს, არ განაახლონ ავღანეთისთვის დახმარების აღმოჩენა მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას - იზრდება სიღატაკე და სურსათის დეფიციტი, ეკონომიკა კოლაფსის პირასაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG