Accessibility links

site logo site logo

დიდ პატივს ვცემ ირაკლი კობახიძის ცოდნასა და გამოცდილებას - კელი დეგნანი


აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გამოხმაურების შემდეგ, კახეთში ყოფნისას მედიასთან საუბარში კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი შეხედულება საკონსტიტუციო ცვლილებებსა და დაბალ საპროცენტო ბარიერთან დაკავშირებით.

კელი დეგნანის თქმით, 2%-იანი საარჩევნო ბარიერი პარლამენტში პარტიულ პლურალიზმს განაპირობებს, რაც საქართველოს მეტი მოქალაქის ხმისა და მოსაზრების ასახვას უწყობს ხელს.

დიდ პატივს ვცემ ბატონი კობახიძის ცოდნასა და საკონსტიტუციო სამართალში გამოცდილებას, როგორც კონსტიტუციის სხვა ექსპერტების, რომლებთან შეხვედრის პატივიც მქონდა საქართველოში. ამ ქვეყანას ძალიან გაუმართლა, რომ ძალიან ბევრი კარგი განათლების და ინფორმირებული საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი ჰყავს. მე მაქვს საკონსტიტუციო სამართალში გამოცდილება. მათ შორის, მიმიღია მონაწილეობა კონსტიტუციის წერაში და ეს მოიცავს მრავალი კონსტიტუციის შედარებასა და ანალიზს სხვადასხვა პოლიტიკურ სისტემაში, შედარებას რა მუშაობს კარგად ერთ სისტემაში ან არა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოდ ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რომელია საუკეთესო მისი სისტემისთვის.

საქართველოს ლიდერებმა ბევრი დრო გაატარეს იმ საკითხებზე დებატებსა და განხილვაში, რა არის სწორი საქართველოსთვის და ამის გამო იყო 1 პროცენტიანი ბარიერი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ვფიქრობ, ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი, მათ შორის მმართველი პარტიისაც ეთანხმებოდა იმას, რომ საკმაოდ დადებითი შედეგი ჰქონდა ამ დაბალ საარჩევნო ბარიერს, რამაც განაპირობა პარლამენტში 9 განსხვავებული პარტიის მოხვედრა. ამ მიზეზით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ეს საკითხი ხელახლა განიხილეს, შეთანხმდნენ, რომ 2% საარჩევნო ბარიერი და პროპორციული არჩევნები არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე. ბევრი მოელოდა, რომ 2019 წლის არჩევნებზე სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა ეფექტური. 2- პროცენტიან ბარიერს შეუძლია შექმნას მრავალპარტიული სისტემა, რასაც შეუძლია შექმნას მრავალფეროვნება პარლამენტში, რომ მეტი საქართველოს მოქალაქის ხმა და ხედვა იყო წარმოდგენილი პარლამენტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო საქართველოს პოლიტიკური ლიდერების შეთანხმება, რაც შეესაბამება საქართველოს ამჟამინდელ საუკეთესო ინტერესებს“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

„2%-იანი და უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ 2 ქვეყანაში და არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია და ამას გეუბნებით, როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი თვითონ არ არის ექსპერტი",- ასე უპასუხა 2 დეკემბერს ჟურნალისტებს"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან და დაბალ საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადების კომენტირება სთხოვეს.

მანამდე, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, მედიასთან საუბარში, შესაბამისი კითხვის პასუხად, შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეჩერებისა და საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე შესაძლო უარის შესახებ მმართველი პარტიის განცხადება. დეგნანმა მედიას უთხრა, რომ „ზოგი, როგორც ჩანს, ისევ არ იგებს, რომ დემოკრატია მოითხოვს შეხედულებების მრავალფეროვნებას, ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს და უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის“.

ირაკლი კობახიძემ მანამდეც არაერთხელ, ბოლოს კი 30 ნოემბერს თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არ განიხილება და რომ ცვლილებების განხილვა დამოკიდებული იქნება "სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე."

საკონსტიტუციო კანონის პროექტის ინიცირება, რომელიც მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნების 2%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს, შარლ მიშელის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. ცვლილებები პარლამენტმა I მოსმენით, 7 სექტემბერს მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საჯარო კომენტარებში არ გამორიცხეს, რომ საარჩევნო ბარიერი, შესაძლოა, შეიცვალოს და 3% გახდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG