Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის უშიშროების ოთხ ყოფილ თანამშრომელს მიესაჯა პატიმრობა 1999 წელს ჟურნალისტის მკვლელობისთვის


სლავკო ჩურუვია
სლავკო ჩურუვია

სერბეთის სასამართლომ 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ოთხ თანამშრომელს ჟურნალისტ სლავკო ჩურუვიას მკვლელობის საქმეზე. ჟურნალისტი, რომელიც ხმამაღლა აკრიტიკებდა იუგოსლავიის ავტოკრატ ლიდერ სლობოდან მილოშევიჩს, 1999 წელს მოკლეს.

ხელმეორე სასამართლო განხილვის შემდეგ, ბელგრადის სპეციალურმა სასამართლომ 2 დეკემბერს ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და 30 წლით პატიმრობა მიუსაჯა სერბეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილ თავმჯდომარეს, რადომირ მარკოვიჩსა და ბელგრადის დაზვერვის ყოფილ უფროსს, მილან რადონიჩს.

მარკოვიჩი უკვე იხდის 40 წლიან სასჯელს პოლიტიკურ ნიადაგზე ჩადენილი სხვა მკვლელობისთვის.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე 20 წლით პატიმრობა მიესაჯა კიდევ ორ პირს - დაზვერვის ყოფილ ოფიცერ რატკო რომიჩსა და მიმალვაში მყოფ მიროსლავ კურაკს, ამ უკანასკნელს დაუსწრებლად.

სლავკო ჩურუვიას სახელობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ივან სტეფანოვიჩმა ახალ განაჩენს უწოდა „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ 1990-იან წლებში ჩადენილი, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

სლავკო ჩურუვია, რომელიც ორი დამოუკიდებელი გაზეთის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი იყო, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა თავის საცხოვრებელ სახლთან, 1999 წლის 11 აპრილს, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ნატომ საავიაციო იერიშები წამოიწყო სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმის წინააღმდეგ კოსოვოს ეთნიკური ალბანალების დასაცავად.

მილოშევიჩი 2001 წელს დააპატიმრეს და გადასცეს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს.

კაცობრიობის წინაშე არაერთი მძიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი 2006 წლის 11 მარტს ჰააგის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG