Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე მედიისთვის გარკვეული მექანიზმების შემოღებაზე ლაპარაკობს


კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური მიიჩნევს, რომ საჭიროა მედიისათვის ისეთი მექანიზმების შემოღება, რომლებიც დაიცავს მაყურებლის ინტერესებს, მას მიაწვდის მხოლოდ ფაქტებს და აღარ იქნება პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში კახა ბექაურმა თქვა, რომ მსგავსი პოლარიზება, ასეთი სიძულვილის ენა, ასეთი დეზინფორმაცია ადრე მედიიდან არ მოდიოდა:

„შეიძლება, იყო გადაცდომები, მაგრამ დღევანდელი მედია რაც არის, პრაქტიკულად პოლარიზებულია და გარკვეული მედიასაშუალებები კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ, რაც შემდგომ იწვევს სხვა მედიასაშუალებების საწინააღმდეგო პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებას“.

მისი სიტყვებით, იმ ფაქტმა, რომ კანონმდებლობა ამ საკითხებს არ არეგულირებს, ტელევიზიებს მისცა საშუალება, რომ ფაქტები დაემახინჯებინათ და ამაზე პასუხისმგებლობა არ აეღოთ. ბექაურის სიტყვებით, ერთმანეთშია არეული მოსაზრება და ფაქტები, იბლოკება განსხვავებული აზრი, რაც, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას აზიანებს.

მისი თქმით, გამოსავალი ერთია:

„უნდა შემოვიღოთ ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს იმას, რომ მედია დაიცავს მაყურებლის ინტერესებს, მიაწვდის მათ ფაქტებს და არ იქნება პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი. ამ მინიმალურ სტანდარტს თუ დაიცავს მედია, ეს ტემპერატურა დაცხრება, ამას რომ დაინახავს საზოგადოება და პოლიტიკური ჯგუფები, ყველას მოუნდება ჯანსაღ გარემოში დებატი“, – აცხადებს კახა ბექაური.

კახა ბექაური ასევე აცხადებს, რომ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს, აკრძალული იყოს სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა და ბავშვებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი გადაცემები.

„ჩვენ ეს საკანონმდებლო ცვლილება სიძულვილის ენაზე მოვამზადეთ და 2017 წლის ბოლოს შევიტანეთ პარლამენტში, თუმცა განხილვა დღემდე არ დაწყებულა. საზოგადოების დაკვეთა თუ არ იქნება, რომ ეს არ დააზიანებს ჩვენს დემოკრატიას, არამედ პირიქით წაადგება – ამაზე თუ საზოგადოებაში თანხმობა არ იქნება, ცალკე აღებული ხელისუფლება, რომელიც მაშინვე აგრესიის დიდი ტალღის ქვეშ მოხვდება, ვერაფერს იზამს“, – აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.

საქართველოს კომუნიკაციების კომისია 2019 წელსაც აცხადებდა, რომ სურდა დაჩქარებულიყო საკამათო კანონპროექტის განხილვა, რომლის თანახმად, თვითრეგულირებიდან რეგულირებაში უნდა გადასულიყო სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენა.

მაშინ ინიციატივის დაჩქარებულ განხილვას ემხრობოდა პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ამბობდა, რომ ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, აქტუალური და დროულად არის გადაწყვეტილებები მისაღები ამ მიმართულებით.

სიძულვილის ენის რეგულირების კანონპროექტი ითვალისწინებდა, რომ:

  • იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა;
  • იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის;
  • იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციის ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას;
  • იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პოზიცია ამ საკითხზე იყო, რომ პროგრამის შინაარსის გამო მაუწყებლის სანქცირება კომუნიკაციების კომისიას მისცემდა ბერკეტს, ზეგავლენა მოახდინოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ანდა გამოიყენოს მის წინააღმდეგ. ქარტია მიიჩნევდა, რომ კომისიის ხელში მაუწყებლის შინაარსის რეგულირების გადასვლა მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს და საქართველოსნაირ ქვეყნებში თვითრეგულირებიდან რეგულირებაში საკითხის გადატანა აღიქმება მედიაგარემოს გაუარესებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG