„არ ვიცი, რატომ ამბობენ ექიმები, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. მე მქონდა შესაძლებლობა სამი დღის განმავლობაში მენახა ის და დღეს უარესადაა“, - ეს განცხადება უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ 3 დეკემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთა მედიასთან.
იასკო არ იზიარებს ექიმების მოსაზრებას სააკაშვილის უკეთესობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მას დასიებული აქვს სახე და ტანი, აქვს კანის პრობლემა - გამონაყარი ნერვიული მდგომარეობის გამო. ასევე ხედვის პრობლემები. დაუვარდა ჰემოგლობინი და სუსტადაა.
„მე ვამჩნევ, რომ ის ცუდადაა. რა თქმა უნდა, ის საწოლიდან დგება, თუმცა გადაადგილებაზე საუბარი ზედმეტია. სერიოზულად უნდა განვიხილოთ მისი მაჩვენებლები. მე პროგრესი ვერ დავინახე, მაშფოთებს ეს ყველაფერი. ძალიან საშიში ინფორმაცია ვრცელდება, რამაც ჩემამდეც მოაღწია, რომ სურთ სააკაშვილის გადაყვანა უახლოეს კვირებში პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად მიმაჩნია, ეს მისი მკვლელობის ტოლფასია“.
ლიზა იასკოს თქმით, 50-დღიანი შიმშილობის ფონზე, წესით, მის რეაბილიტაციას ორჯერ მეტი დრო და მას კი მუდმივი მონიტორინგი სჭირდება.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.
მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.
1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანდნენ, იმ დათქმით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო გორის სამხედრო ჰოსპიტალი.