Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალური სააგენტოს მუშაკები, შესაძლოა, ისევ გაიფიცონ


„ჩვენ თავად გავხდით ბენეფიციარები“ - ამ შინაარსის პლაკატები ეჭირათ ხელში 4 დეკემბერს, ჯანდაცვის სამინისტროს წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მისულ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია ითხოვენ ხელფასის გაზრდას და შრომის ღირსეულ ანაზღაურებას.

მომსახურებისა და ჯანდაცვის სფეროების პროფკავშირის, „სოლიდარობის ქსელის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისული ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა შეხვედრა ხელისუფლებასთან ამ პრობლემაზე სალაპარაკოდ.

როგორც „სოლიდრობის ქსელის“ იურისტმა, დავით ომსარაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, წლებია სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასი არ მომატებიათ.

ისინი საკუთარი შრომის ფასად იღებენ რეალურ საარსებო მინიმუმზე დაბალ ანაზღაურებას:

„ორი წელია ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა მიიღონ კუთვნილი, ღირსეული შრომის ანაზრაურება. ეს ხალხი უნდა შრომობდეს სოციალურად დაუცველთა პირობების გასაუმჯობესებლად, მაგრამ რეალობა ასეთია, რომ თავად ისინი არიან სიღარიბის ზღვარს მიღმა, მათ სჭირდებათ სოცდახმარება“, - აცხადებს დავით ომსარაშვილი.

მისი სიტყვებით, როდესაც ქვეყნის პრემიერი გამოდის და ამბობს, რომ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა შესაცვლელია, ეს ცვლილებები სწორედ ამ ადამიანების სამუშაო პირობების გაუმჯობესებით უნდა დაიწყოს.

„ამიტომ ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეგვხვდნენ და დაუყოვნებლივ დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნები. ეს ადამიანები აღარ აპირებენ გააგრძელონ შრომა ამ პირობებში“, - დავით ომსარაშვილმა ასევე გვითხრა, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, კანონით გათვალისწინებული წესის დაცვით ისევ გაიფიცებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG