Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი დღე პუტინი-ბაიდენის შეხვედრამდე უკრაინის საზღვართან დაძაბულობის ფონზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 დეკემბერს


პუტინი ბაიდენთან შეხვედრაზე მოითხოვს გარანტიებს, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთისკენ

7 დეკემბერს ვლადიმირ პუტინი და ჯო ბაიდენი ერთმანეთს ვირტუალურ ფორმატში შეხვდებიან. ეს კი უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობისა და ვლადიმირ პუტინის ბოლო განცხადების ფონზე, სადაც მან თქვა, რომ რუსეთს სურს გარანტიები, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.

ხვალინდელი შეხვედრა დახურული ვიდეოსამიტის ფორმატში ჩატარდება, თუმცა ზოგი რამ უკვე ცნობილია, მაგალითად ის, რომ პუტინი მოითხოვს, მისი მეზობლების ტერიტორიებზე, მათ შორის უკრაინაში, აიკრძალოს შეიარაღების სისტემები, რომლებსაც რუსეთი თავისთვის მუქარად მიიჩნევს.

ბოლო დროს დასავლეთის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს დაზვერვის მონაცემები კიევიდან და ვაშინგტონიდან, რომლის თანახმადაც, რუსეთს უკრაინის საზღვართან დიდი სამხედრო მობილიზაცია აქვს დაწყებული.

ბაიდენმა პარასკევს განაცხადა, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სფეროს უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ამზადებენ ზომების პაკეტს, რომელიც „ძალიან, ძალიან გაუძნელებს ბატონ პუტინს იმის გაკეთებას, რის გაკეთებისთვისაც ის ემზადება“, თქვა ბაიდენმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თეთრ სახლში.

სხვა დეტალები აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის წინ წაიკითხე აქ.

ელენე ხოშტარია ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანილი ინფორმაციის გამო პროტესტს იწყებს

„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ეხმაურება მეცხრე კლასის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში („საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია“) შესულ ერთ-ერთ თავს, სადაც აღწერილია ფაქტები და ინფორმაცია 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებისა და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ 6 დეკემბრიდან ის და მისი თანამოაზრეები გეგმავენ პროტესტს სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ შეტანილი ინფორმაციის გამო:

„ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში "ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო. ყველა, ვისაც ამ თემაზე გაქვთ პროტესტი, გამოგვეხმაურეთ. ყველა იპოვით თქვენს ადგილს ამ პროტესტში, იქნება ბევრი ფორმით“, - წერს ელენე ხოშტარია ფეისბუკში.

2021 წელს გამოცემულ ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში თხრობა მთავრდება 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებითა და ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციით:

„საქართველოში დემოკრატიულ ტენდენციებს შეუქცევადი ხასიათი ჰქონდა. ამის გამოხატულება იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა და ოპოზიციურმა "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა. საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა“.

წაიკითხე მეტი.

დეგნანი სააკაშვილზე: იმედია, ყველა გაუწევს ანგარიშს ექიმების დასკვნას, ნამდვილად იღებს თუ არა იმ მკურნალობას, რაც მას სჭირდება

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი პასუხობს ჟურნალისტების კითხვას საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის დანიშნული შესაძლო არაადეკვატური მკურნალობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

მისი განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მკურნალობის პროცესში გაჩენილ კითხვებს პროფესიონალმა ექიმებმა და ექსპერტებმა უნდა უპასუხონ:

„შექმნილია ექსპერტების გუნდი, მათ შორის, სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი მედიკოსთა გუნდი, რომლებსაც შეუძლიათ უკეთ შეაფასონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც მისი საჭიროებების, ისე სტაბილურობის თვალსაზრისით. დიდი იმედი მაქვს, ყველა გაუწევს ანგარიშს კვალიფიციური მედიკოსების დასკვნებს, რომლებსაც აქვთ ცოდნა, რომ შეაფასონ მისი მდგომარეობა და დაადასტურონ, რომ ის ნამდვილად იმ მკურნალობას იღებს, რაც მას სჭირდება“.

4 დეკემბერს, ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს არასწორად ჰქონდა დანიშნული ერთ-ერთი ნეიროლეფსიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ფსიქოზური მდგომარეობის კუპირებისთვის.

წაიკითხე მეტი.

კლუბი „ხიდი“ შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ღამის კლუბ „ხიდის“ ხელმძღვანელობა აპირებს, რომ შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება გაასაჩივროს, რომლის საფუძველზეც კლუბი დალუქეს და ჯარიმა 10 ათასი ლარი დააკისრეს.

როგორც კლუბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სოფო ებრალიძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, მათ ღამის კლუბი 1 დეკემბრიდან ამოქმედებული მწვანე პასპორტების წესების სრული დაცვით გახსნეს. შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კი აღნიშნულია, რომ ღამის კლუბი არაერთხელ გააფრთხილეს, რომ მასობრივი გასართობი ღონისძიებები აკრძალულია.

„დღეს აღასრულეს დალუქვის პროცედურა ისე, რომ ჩვენი მხრიდან ამ პროცესს არავინ ესწრებოდა. ორშაბათიდან ვიწყებთ უკვე დავას ამასთან დაკავშირებით, გავასაჩივრებთ როგორც ჯარიმას, ისე დალუქვის საკითხს. ვიცოდით, რომ კლუბები ნოემბრის განმავლობაში უნდა გახსნილიყო. ეს თარიღი ბევრჯერ შეიცვალა და უსასრულოდ გაგრძელდა. ჩვენ სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება. დავეფუძნეთ 1-ლი დეკემბრის შემდეგ შემოღებულ "მწვანე პასპორტების" სისტემას“, - განაცხადა სოფო ებრალიძემ.

3 დეკემბერს "ხიდმა" 21-თვიანი პაუზის შემდეგ, პირველ საკლუბო ღონისძიებას უმასპინძლა.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს უკრაინას

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ კვირას საპროტესტო ნოტა გადასცა უკრაინის სამხედრო ატაშეს და უკრაინის სამხედროებს ბრალი დასდო ბელარუსის საჰაერო სივრცის დარღვევაში.

როგორც ოფიციალური მინსკი ამტკიცებს, უკრაინის ვერტმფრენი Mi-8 გუშინ დაახლოებით ერთი კილომეტრის სიღრმეზე შევიდა ბელარუსის ტერიტორიაზე, დასახლებულ პუნქტ ნოვაია რუდნის მიდამოებში. სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინა საზღვრის მახლობლად სწავლებას ატარებს „ბელარუსის რესპუბლიკის მიმართ ბრალდებითი რიტორიკის ფონზე“, რაც ნათელყოფს ბელარუსის უსაფრთხოებისთვის მუქარას სამხრეთის მიმართულებით.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა გუშინვე განაცხადა, რომ არავითარი საზღვრის დარღვევა არ მომხდარა. უკრაინის მხარე არ უარყოფს, რომ ბელარუსის საზღვართან ნოემბრის ბოლოდან მოკიდებული ტარდება სასწავლო ოპერაცია „პოლესიე“. მესაზღვრეები ემზადებიან საზღვრის შესაძლო უკანონო გადმოკვეთისთვის ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუსში ჩასული მიგრანტების მიერ, რომელთაგან რამდენიმე ათასი იმყოფება ბელარუსში.

წაიკითხე მეტი.

ლადო ფოჩხუას „ენიკი ბენიკი“ – წიგნი იმ სოხუმზე, რომელიც გაქრა

„სოხუმი იწვის. მე სადესანტო გემ „კონსტანტინე ოლშანსკის“ კეჩოზე ვდგავარ. გამხდარი, გაუპარსავი და დაღლილი. შორიდან გავყურებ აბრიალებულ სანაპირო ზოლს”…

ლადო ფოჩხუას წიგნი „ენიკი ბენიკი“ სოხუმიდან გამოქცევის ამ სცენით იწყება. ლადო ნიუ-იორკში მცხოვრები სოხუმელი მხატვარია, რომელმაც წერა ცოტა ხნის წინ დაიწყო. წიგნმა კი, რომელიც „ინდიგოს“ გამომცემლობამ დასტამბა, უკვე მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ლიტერატურული პრემია.

ლადო ფოჩხუას სადებიუტო წიგნის შავ გარეკანზე, სოხუმის ბინაში გადაღებული, ავტორის დედის ფოტოა, 1950-იანი წლებია, ახალგაზრდა გალინა ალანია აივნიდან გაჰყურებს თავის ქალაქს და იღიმის.

„მე დავწერე ეს წიგნი, იმიტომ, რომ მინდოდა ჩემი დაკარგული ქალაქი აღმედგინა“, - იტყვის ლადო ფოჩხუა წლების შემდეგ, 2021 წლის სექტემბერში, წიგნის ქართველი მკითხველისთვის წარდგენისას.

წიგნს, რომელშიც ლადო სოხუმურ ცხოვრებაზე, იქიდან გამოქცევასა და თბილისამდე მოსასვლელ გზაზე ჰყვება, შვიდი წელი წერდა. ცდილობდა, ის სოხუმი აღედგინა, სადაც, როგორც თავად ამბობს, აქცენტიანი, „შიშინა ბგერებიანი“ რუსულით ლაპარაკობდნენ, როგორითაც ახლა თავად ლადო ლაპარაკობს და ამ აქცენტით ყველა სოხუმელი ცნობს ერთმანეთს.

წიგნი გამქრალ სოხუმზე - წაიკითხე ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის დაპირებული რეფორმა, რომელსაც გადატვირთული სასამართლოს პრობლემა უნდა მოეგვარებინა. რატომ ვერ მოახერხა იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნული რეფორმის ბოლომდე მიყვანა? რა როლი მიუძღვის ქართულ სასამართლო სისტემაში გაბატონებულ ე.წ. კლანს აღნიშნული რეფორმის ჩავარდნაში? წლების განმავლობაში გაჭიანურებული სასამართლო დავები და მართლმსაჯულების მოლოდინში მყოფი ბიზნესმენები. ნახეთ შაბათს, „თავისუფლების მონიტორის“ ახალი ჟურნალისტური გამოძიება.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG