Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორის საავადმყოფოს მთავარი ექიმი სამსახურიდან გაათავისუფლეს


ახალგორის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ჯემალ ბედოევი, კლინიკაში ჩატარებული არაგეგმური შემოწმების საფუძველზე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მთავარი ექიმის უფლებამოსილებას მონიკა ჯიოევა შეასრულებს. ამის თაობაზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა სოსლან ნანიევმა განუცხადა სააგენტო „რეს“-ს.

გაათავისუფლეს ასევე კლინიკის ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც თანამდებობებს ითავსებდნენ შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე და ადგილზე არ დახვდნენ დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრს.

შემოწმება ახალგორის საავამდმყოფოში რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ მასალას და აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის კერძო გამოძიებას მოჰყვა.

2 დეკემბერს მივედი საკონტროლო შემოწმების მიზნით, თან მქონდა სრული საშტატო განრიგი, სიის მიხედვით შევამოწმე ყველა, ვისაც არ აღმოაჩნდა დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ყველა გავათავისუფლე“, - განაცხადა ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა სოსლან ნანიევმა.

მან ისიც თქვა, რომ მოითხოვა საკონტროლო დოკუმენტაცია, რაზეც მიუგეს, რომ სეიფში ინახებოდა, სეიფის გასაღები კი ჰქონდა თანამშრომელს, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკაში არ იმყოფებოდა. სეიფი შესაბამისი აქტის საფუძველზე გახსნეს და ამოიღეს მოთხოვნილი დოკუმენტების ასლები.

„ამჟამად ორი ექიმი სამ პოზიციაზე მუშაობს, ესენი არიან ექიმები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ და იმყოფებიან ლენინგორში (ახალგორი). ახალი თანამშრომლების შერჩევის შემდეგ მათ მოეხსნებათ დამატებით ვალდებულებები. სეიფიდან ამოღებულ ფინანსურ და სხვა სახის დოკუმენტაციას სწავლობენ“, - განაცხადა დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა.

ნანიევის განცხადებით, ეფექტურობის გაზრდის სამუშაოები რაიონის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში გაგრძელდება.

ახალგორელები წლებია უჩივიან ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემაში დარღვევებს. „ეხო კავკაზა“ წერდა, როგორ მკურნალობენ „არარსებული“ ექიმები „არარსებულ“ პაციენტებს ბიუჯეტის ფულით. პანდემიის პირობებში ახალგორში კორუფციამ განსაკუთრებულ მასშტაბებს მიაღწია.

XS
SM
MD
LG