Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დაკარგული“ ექიმები და რთული ეპიდვითარება ახალგორში


ჰოსპიტალი ცხინვალში
ჰოსპიტალი ცხინვალში

“ცუდი მდგომარეობა გვაქვს. მთელს რაიონში გავრცელდა კოვიდ 19. ყოველდღე 20-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება რაიონში, სადაც 800-მდე ადამიანი ცხოვრობს. არ გვყავს ექიმები ადგილზე. გვყავს, თუმცა მხოლოდ უწყისებში - როგორც ოსურში, ისე ქართულში. ადგილობრივები მკურნალობენ სახლში ან ცხინვალში. ჩვენი საავადმყოფო ცარიელია - არც ექიმი, არც ავადმყოფი - ერთი მეორესთან კავშირშია. წლებია, საავადმყოფოს ბუტაფორიას ვეძახი”. - ეს სტატუსი სოციალურ ქსელ ფეისბუკში , ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა გამოაქვეყნა. მისივე ინფორმაციით ადგილობრივი საავადმყოფოს ხელმძღვანელობა რამდენიმე დღეა საერთოდ გაუჩინარდა.

ოკუპირებული ახალგორის რაიონში, ბოლო კვირაა , ყოველდღიურად . 17-დან 28-მდე ახალი ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება. რაც ბევრია 2000-ზე ნაკლები მოსახლეობის მქონე რაიონისთვის.

ახალგორისთვის ამ კრიტიკულ ვითარებაში ადგილობრივი საავადმყოფოს, პოლიკლინიკისა და სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელებმა რაიონი დატოვეს. ორი კვირის წინ რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე მადინა კაბისოვა გაუჩინარდა, ის პარალელურად პოლიკლინიკის ხელმძღვანელია. ასევე გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი ჯემალ ბედოევი, რომელიც ამავდროულად სასწრაფო დახმარების მთავარი ექიმიცაა.

„რატომ არავის არ აცნობეს, სად წავიდნენ? ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი ჯანდაცვის დაწესებულებებზე მათი არყოფნის შემთხვევაში? ვის დაუტოვეს შენობის გასაღებები, ბეჭდები? ეს არის ხელმძღვანელთა გუნდი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები პანდემიის პირობებში, შეინარჩუნოს ოპერატიული კომუნიკაცია ცხინვალთან. მათ კი მიგვატოვეს და გაიქცნენ. პრაქტიკოსი ექიმების პოზიციებს ხელმძღვანელ თანამდებობებთან ითავსებენ, ეს ყველაფერი კი ფორმალურია, ფაქტობრივად, პაციენტებს არ იღებენ. ანუ ნორმალურ ექიმთან მისვლის შესაძლებლობასაც გვართმევენ. ჩვენ ახლა ურთულესი მდგომარეობა გვაქვს მთელი ომისშემდგომი პერიოდის განმავლობაში - თითქმის ყველა ოჯახში არის კოვიდინფიცირებული ადამიანი“. - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

ამჟამად ოკუპირებული ახალგორიდან მძიმე პაციენტები ან ცხინვალში გადაჰყავთ, ან საქართველოს კლინიკებში. ადგილობრივი საავადმყოფო ფაქტობრივად სრულად უმოქმედოა.

მივედი რაიონულ კლინიკაში - ცარიელია, კაბინეტების კარები დაკეტილია. მოგვიანებით დაბრუნდებიან ყალბი ავადმყოფობის ცნობებით, თითქოს მთელი ამ ხნის განმავლობაში მძიმედ ავად იყვნენ. ადგილზე იმდენი ექიმია, რომ ერთი ხელის თითებზე დაითვლება. მათგან სამი სასწრაფოს ექიმია, რომლებიც სამ დღეში ერთხელ მორიგეობენ და ცხინვალიდან დადიან. ესენი არიან კარგი, კეთილსინდისიერი ექიმები, მაგრამ ისინიც მალე წავლენ ალბათ აქედან. ცხინვალიდან ჩამოსული ყველა ექიმი ერთ განაკვეთზე გადაიყვანეს. შეუძლებელია მხოლოდ მგზავრობის ხარჯების დასაფარად მუშაობა.“ - აღშფოთებას ვერ მალავს სამოქალაქო აქტივისტი. მისი აზრით ადგილობრივი ჯანდაცვა კორუფციის წყაროდ იქცა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მედიცინასთან. ოკუპირებულ ახალგორში აღარ უშვებენ, იმ ექიმებს, რომლებიც სამსახურში წეროვანიდან დადიოდნენ. დაბაში შესვლაზე უარი, თითქოსდა პოლიტიკური მოტივით უთხრეს. ახალგაზრდა ექიმებსაც, ვინც ახალგორში ცხინვალიდან გაუშვეს, ბარიერები შეუქმნეს. მეარაყიშვილის თქმით ადგილზე ძირითადად ის ექიმები დარჩნენ, ვინც დიაგნოზს გუგლის საძიებო სისტემის მეშვეობით სვამს.

ოკუპირებულ რეგიონში კოვიდვითარება სულ უფრო რთულდება. მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო ამბობს, რომ ახალგორის გარდა რთული ვითარებაა ზნაურის რაიონშიც.

„ახლა ზნაურის რაიონშიც ეპიდაფეთქებაა. მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვები დაგვიანებულია. ქალაქში მილიცია კი აკონტროლებს რეგულაციების შესრულებას, მაგრამ ამ მხრივ სოფლები სულ მიშვებულია. იქ პირბადეებსაც კი არ იკეთებენ და ინფიცირების მაჩვენებელიც სულ უფრო იზრდება. მიუხედავად ინფიცირებისა, სოფლებში ბევრს კიდევ არ სჯერა, რომ კორონავირუსი არსებობს და ეს იმის ბრალია, რომ თავის დროზე ხელისუფლებამ საინფორმაციო კამპანია არ ჩაატარა. თვითონ მთავრობაც რა მაგალითს აძლევს ხალხს? დღეს მაგალითად ჯავაში ბიბილოვმა სპორტული დარბაზი გახსნა. მთელი მთავრობა იქ წავიდა და ორიოდე ადამიანს ეკეთე პირბადე, ბიბილოვი პირბადის გარეშე დადის, განათლების მინისტრი პირბადის გარეშე დადის და ამის მერე როგორ უნდა დაარწმუნონ მოქალაქეები , რომ ეს ვირუსი საშიშია?“

გასული 24 საათის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ეს მხოლოდ 317 ჩატარებული ტესტიდან, რაც დადებითობის 24 პროცენტიანი მაჩვენებელია. ამ დროისთვის 2238 ადამიანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების 8604 შემთხვევა გამოვლინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG