Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ომიკრონი" უკვე რუსეთშია - რა დრო დასჭირდება მას საქართველომდე?  


„ომიკრონს“, კორონავირუსის ახალ შტამს, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში „იპოვეს“ და, სავარაუდოდ, თავის წინამორბედებზე უფრო გადამდებია, მეცნიერები და ექიმები ჯერ კიდევ არ იცნობენ კარგად.

მათ დაზუსტებით ჯერ არც ის იციან, რამდენად მძიმედ მიდის „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები და არც ის, რამდენად მდგრადია ვაქცინები ამ შტამის მიმართ.

პრევენციის მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, შეზღუდვებს მაინც აწესებს.

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, საქართველოში შემოსვლისას ვალდებულია დაიცვას 14-დღიანი იზოლაცია/კარანტინი (საკარანტინო სივრცეში), თუკი მან ბოლო 14 დღის განმავლობაში შემდეგ ქვეყნებში იმოგზაურა:

🔴სამხრეთი აფრიკა

🔴ბოტსვანა

🔴ზიმბაბვე

🔴ნამიბია

🔴ლესოტო

🔴ესვატინი (სვაზილენდი)

🔴მოზამბიკი

🔴მალავი

საქართველოში ამ ეტაპზე არ არის სპეციფიკური ტესტები, რომელიც მარტივად განსაზღვრავს, არის თუ არა ადამიანი „ომიკრონის“ ვარიანტით ინფიცირებული. დღეს სპეციალისტები მას სხვადასხვა მეთოდით „ეძებენ“.

ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

„ჩვენ ახლაც სეკვენირებით არჩევითად ვსწავლობთ, სადაც შეიძლება საეჭვო იყოს. გვაქვს ასევე სხვა შტამების PCR-ები, რომლითაც შეგვიძლია გამორიცხვის მეთოდით მივიტანოთ ეჭვი. თვითონ "ომიკრონის" სპეციფიურ PCR-ის შემოტანაზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, მომავალი კვირის განმავლობაში შეიძლება შემოვიდეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად ჯერ ისევ არაა მოსახლეობის საკმარისი ოდენობა აცრილი (დღეში საშუალოდ 11 ათასი ადამიანი იცრება). მაშინ როცა „დელტა“ შტამის პირობებში სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, რა მოხდება, როცა „ომიკრონი“ აქამდე მოაღწევს?

ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ „ომიკრონის“ ვირუსი რუსეთშიც დაფიქსირდა, სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ 10 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათგან ორს - „ომიკრონის“ ვარიანტი, დანარჩენების კვლევა ისევ მიმდინარეობს.

რუსეთში დაფიქსირებული „ომიკრონის“ შტამი აჩქარებს თუ არა საქართველოში მისი გავრცელების შანსს? - ვკითხეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს ხათუნა ზახაშვილს.

„რუსეთი დიდი ქვეყანაა მოსახლეობის დიდი რაოდენობით, ერთეული შემთხვევების დაფიქსირების პირობებში ამაზე მსჯელობა ცოტა ნაადრევია. დაახლოებით იგივენაირი შანსებია გავრცელების, როგორც სხვა ქვეყნებში, ჯერ არაფრის მტკიცების საფუძველი არ გაგვაჩნია.

ხათუნა ზახაშვილი
ხათუნა ზახაშვილი

“დელტა” შტამი მაისში დაფიქსირდა, დომინანტური კი გახდა აგვისტოდან. ვნახოთ, რა იქნება “ომიკრონის” შემთხვევაში, რა თვისებებს გამოავლენს. საერთაშორისო გამოცდილება ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს, არის ერთეული შემთხვევები, თუმცა საზოგადოებრივი გავრცელება სამხრეთ აფრიკის გარდა არ დაფიქსირებულა. ჯერ დაკვირვებით უნდა ვადევნოთ თვალი, მერე ვნახოთ…“

B.1.1.529 - ვარიანტის (ომიკრონის) შესწავლამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით რეკომენდაციებს გასცემს:

  • ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ SARS-CoV-2 ტესტები და საერთაშორისო მოგზაურებისთვის კარანტინის რეჟიმი;
  • ქვეყნებმა გენომის სეკვენირების მონაცემები უნდა ატვირთონ საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემთა ბაზაში, მაგალითად, როგორიცაა GISAID-ი.
  • მოგზაურები უნდა იყვნენ ყურადღებით კოვიდ-19-ის სიმპტომებთან, საჭიროა ვაქცინაცია და უსაფრთხოების ნორმების დაცვა, განურჩევლად იმისა, აცრილია თუ არა ადამიანი.

„პი­რები, რომ­ლე­ბიც თავს კარ­გად არ გრძნო­ბენ, მაგრამ არ არი­ან სრუ­ლად ვაქ­ცინი­რე­ბუ­ლი, ან კო­რო­ნა­ვირუ­სი არ გა­და­უ­ტა­ნი­ათ, არიან რისკჯგუფში, მათ შო­რის, 60 წელ­ზე უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი. უმჯობესია, მათ გა­და­დონ მგზავ­რო­ბა იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა ხდე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ჯან­მოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი საყურადღებო მუტაციის შესახებ, 2021 წლის 25 ნოემბერს გაიგო, აღებული ნიმუშების მიხედვით კი პირველი დადასტურებული შემთხვევა სამხრეთ აფრიკაში 9 ნოემბერს დაფიქსირდა. სამხრეთაფრიკელი მეცნიერები BBC-სთან ინტერვიუში აცხადებენ, რომ სამხრეთ აფრიკაში „ომიკრონი“ დღეს უკვე დომინანტური შტამია.

„უახლესი ყოველდღიური მონაცემებით, დაფიქსირდა დაახლოებით 11,500 ახალი კოვიდინფექცია. ეს არის მკვეთრი ზრდა წინა დღეს დადასტურებულ 8,500 შემთხვევასთან შედარებით. ნოემბრის შუა რიცხვებში კი საშუალოდ 200-დან 300-მდე ინფიცირებული იყო“, - უთხრეს BBC-ს.

ექიმები ასევე ამბობენ, რომ გაიზარდა ჰოსპიტალიზაცია მცირეწლოვან ბავშვებში მას შემდეგ, რაც „ომიკრონმა“ მოიცვა ქვეყანა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჯერ ზუსტად არ იციან, არიან თუ არა ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარე ამ შტამის მიმართ.

ვასილა ჯასატმა, გადამდებ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტიდან, თქვა: „ჩვენ ვნახეთ საკმაოდ მკვეთრი ზრდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, განსაკუთრებით ხუთ წლამდე ასაკში.

შემთხვევების სიხშირე ხუთ წლამდე ბავშვებში მეორე ადგილზეა 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტების შემდეგ“, - თქვა მან პრესკონფერენციაზე.

მეცნიერებმა ბავშვებში კოვიდის აფეთქება პირდაპირ „ომიკრონთან“ არ დააკავშირეს. ამას შესაძლებელია სხვა მიზეზებიც ჰქონდეს. პირველი ის არის, რომ სამხრეთ აფრიკაში, 12 წლამდე ბავშვებს ჯერ არ აქვთ ვაქცინაციის უფლება. ამასთან, ბავშვები და მშობლები, რომლებსაც ტესტის დადებითი პასუხი ჰქონდათ, არ იყვნენ ვაქცინირებულები.

ჰოლანდიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და გარემოს ეროვნული ინსტიტუტი, ხვალ, 7 დეკემბერს აპირებს ახალი ინფორმაციის გამოქვეყნებას „ომიკრონის“ შესახებ, იგი დაფუძნებული იქნება საერთაშორისო კვლევებსა და მონაცემებზე, რომელზეც ამ უწყების ლაბორატორიას, როგორც სტანდარტების განმსაზღვრელ სტრუქტურას, ხელი მიუწვდება.

ჯერ კიდევ 29 ნოემბერს, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის თანახმად, „ომიკრონის“ შტამის 33 შემთხვევა დადასტურებული იყო ევროპის 8 ქვეყანაში: ნიდერლანდში, ავსტრიაში, ბელგიაში, ჩეხეთში, დანიაში, გერმანიაში, იტალიასა და პორტუგალიაში, ასევე მუტაცია ნაპოვნია სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, ჰონკონგსა და ისრაელში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ინფორმაციით, „ომიკრონი“ დაფიქსირებულია მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში.

სანამ ჯანმო და სამეცნიერო საზოგადოება ვირუსის თვისებებს სწავლობენ, მსოფლიოს 50-მდე ქვეყანამ „დროის მოგების“ მიზნით რეგულაციები გაამკაცრა.

მაგალითად, ინგლისში 12-დან 15 წლამდე ბავშვებს უფლებას მისცემენ, მეორე აცრა ვაქცინაცინის პირველი დოზიდან 12 კვირის შემდეგ გაიკეთონ.

ბრიტანეთში ყველა ზრდასრულს შესთავაზებენ ბუსტერ დოზას, როცა აქამდე ის მხოლოდ 40 წელს გადაცილებულებისთვის იყო განკუთვნილი. სუსტი იმუნიტეტის მქონე მოსახლეობას, განსაკუთრებით ორსულებს, დამატებით ბუსტერის მეოთხე დოზასაც სთავაზობენ.

სამხრეთ კორეაში ოფიციალურმა პირებმა თებერვლამდე მისცეს დრო 12-17 წლის მოზარდებს ასაცრელად. ვინც მოთხოვნას არ დაემორჩილება, ვერ შევა რესტორნებში, ბიბლიოთეკებსა და სკოლის გარეთ არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, სინგაპური, აშშ და ა.შ. ზღუდავენ მოგზაურობას სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში.

სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი პარასკევს დილით განაცხადეს, რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება სიფრთხილის ზომების მიღების შესახებ „როგორც ჩანს, ნაჩქარევია, რადგან ჯანმოსაც კი ჯერ კიდევ არ აქვს რჩევა შემდეგი ნაბიჯების შესახებ“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, სამოგზაურო აკრძალვები ხელს არ შეუშლის „ომიკრონის“ საერთაშორისო გავრცელებას და მძიმე ტვირთად დააწვება სოციალურ ცხოვრებას.

რას აკეთებს საქართველო?

ჩვენთან უკვე შემუშავდა პროტოკოლი, თუ როგორ შეიძლება ეჭვის მიტანა "ომიკრონზე". აღნიშნული გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას, ასევე ყველა ლაბორატორიას, ვინც აწარმოებს PCR დიაგნოსტიკას. ასევე, ჩვენი წინადადებაა, რომ შერჩევითად გარკვეული ნიმუშები გამოიგზავნოს ლუგარის ლაბორატორიაში, რათა ჩატარდეს ძვირადღირებული სეკვენირება, რომლითაც საბოლოოდ დადასტურდება ახალი შტამი“.

არაერთმა ქვეყანამ მოქალაქეების ასაცრელად დამატებითი ზომები მიიღო, რათა „ომიკრონის“ შეღწევის შემთხვევაში, მოსახლეობას გაძლიერებული იმუნიტეტი ჰქონდეს.

საქართველოში ნოემბრის მეორე ნახევრიდან შედარებით გააქტიურდა აცრები, თუკი 15 ნოემბრამდე დღეში 2000-3000 ადამიანი იცრებოდა, ახლა ეს რიცხვი 11 000-ია, თუმცა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ არც ესაა საკმარისი.

ივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე

„ადვილად შეიძლება დავითვალოთ, დარჩენილია ასაცრელი 700 ათასი ადამიანი, ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 5 თვეში საქართველო მიაღწევს მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის მოცვას. 5 თვე არის ძალიან ბევრი და ჩვენი მიზანი არის, რომ როგორმე მოვახერხოთ ამ ტემპის გაზრდა“.

ასევე მსჯელობენ იმაზე, რომ ორჯერადად აცრის შემდეგ შემცირდეს დრო ბუსტერ დოზების გასაკეთებლად. ანუ ნებისმიერ მოქალაქეს „ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ მეორე დოზის გაკეთებიდან, 6-ის მაგივრად 5 თვეში შეეძლოს გაიკეთოს დამატებითი დოზა, ხოლო „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ შემთხვევაში - მეორე დოზის გაკეთებიდან 3 თვეში.

ვაქცინაციასთან ერთად „არის ეს პირველი ნაბიჯი, ღონისძიებების მომზადება “ომიკრონის” შესაძლო გავრცელების შემთხვევაში. აქვე ვიტყვი, რომ რაც არ უნდა ღონისძიებები მიიღოს ნებისმიერმა ქვეყანამ, - იცით, რომ ფრენები არის აკრძალული სამხრეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, - ეს უბრალოდ დროებითია… რადგან ვერცერთი ასეთი აკრძალვა ვირუსის შესვლას ვერ შეაკავებს. ბოლო პერიოდში ევროპაში, აზიასა და ამერიკაში ეს ვირუსი უკვე გავრცელებულია, ამიტომ უახლოეს მომავალში, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ აუცილებლად დავაფიქსირებთ საქართველოშიც. ასე მოგვიანებით შემოვიდა “დელტა” შტამიც და 2-3 თვეში გახდა დომინანტური, ამიტომაა ჩვენი ღონისძიებები მომზადება “ომიკრონის” შესაძლო გავრცელებისთვის“, - თქვა ივანე ჩხაიძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა 3 დეკემბერს
განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგების საჭიროების მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს.

მანამდე, ასევე პარასკევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მწარმოებლები უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ შეიძლება საჭირო გახდეს ვაქცინების „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგება.

ჯანმო ჯერ კიდევ სწავლობს ახალი ვარიანტის გადაცემის შესაძლებლობებსა და ახალი ვარიანტით გამოწვეული დაავადების სიმძიმის დონეს. მათ დაახლოებით 2-3 კვირა სჭირდებათ იმისთვის, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დასკვნები გააკეთონ. ამ ეტაპზე ორგანიზაცია ამბობს, რომ მსოფლიოში არ დაფიქსირებულა „ომიკრონით“ გარდაცვალების არცერთი ფაქტი.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG