Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ნადირაძე კახა კალაძეს: სამართლიანია, რომ ამდენი კორუფციული სკანდალის მერე აქ იყოთ და მთავრობას ამტკიცებდეთ?


დედაქალაქის საკრებულოში ხმაურით მიმდინარეობს სხდომა, რომელზეც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უნდა დამტკიცდეს. საპროტესტო აქცია იმართება ასევე საკრებულოს შენობასთან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის მერი კახა კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა და ჰკითხა, კიდევ რამდენი მილიონი ლარის "გაზიდვას" აპირებს ქალაქის ბიუჯეტიდან მილანში და რამდენი მილიონი ლარის ქონების გადაცემას აპირებს "კომოს ტბის ძმაკაცებისთვის". ქალაქის არჩეულმა მერმა დეპუტატის სიტყვით გამოსვლისას მას ჯამბაზი უწოდა.

"ლევან ხაბეიშვილი იყო საკრებულოს ნომერ პირველი ჯამბაზი და ის ჩაანაცვლა ირაკლი ნადირაძემ. მივცეთ საშუალება, გაგვართოს!" - თქვა ქალაქის მერმა საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარემ არაერთხელ მოუწოდა ოპოზიციონერ დეპუტატს დაესვა კითხვები და თავი შეეკავებინა შეფასებების გაკეთებისგან.

"თქვენ შეიძინეთ თბილისისთვის 200-ზე მეტი ავტობუსი და ამ შესყიდვიდან 60 მილიონზე მეტი მოიპარეთ. ამბობთ, რომ მომავალ წელსაც აპირებთ იყიდოთ ავტობუსები, მაინტერესებს, აქედან რამდენ მილიონს მოიპარავთ?

თქვენ ნათელმირონ წულაიას ვარკეთილის მესამე მასივში 16 მილიონი ლარის ქონება გადაეცით 1 ლარად.

თქვენ მეგობარ ბექა ოდიშარიას 200 000 ლარის ქონება გაუცვალეთ 5 მილიონ ლარში.

კომოს ტბის ძმაკაცებს "ცენტრ პოინტის" 35 მილიონის ქონება უნდა განაკარგვინოთ. მაინტერესებს, კიდევ რამდენი მილიონი ლარი უნდა მიცეთ თქვენს ძმაკაცებს?

მილანური სანაგვე, მილანური ნაძვის ხე, მაინტერესებს კიდევ რამდენი მილიონი ლარი უნდა გაზიდოთ მილანებში?

და ბოლოს, სამართლიანია, რომ ამდენი კორუფციული სკანდალის მერე აქ იყოთ, მთავრობას ამტკიცებდეთ და ქვეყნის მთავარი რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი გყავდეთ ციხეში",- იკითხა საკრებულოს სხდომაზე ირაკლი ნადირაძემ, რასაც მოჰყვა მერის რეპლიკა: "დაჯექი, ირაკლი, ორიანი!"

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG