თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა. საკრებულოს სხდომაზე მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების შესახებ მსჯელობენ.
კახა კალაძემ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა და საზოგადოებას არჩევნებში მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„მადლობა ეკუთვნით იმ ადამიანებსაც, ვინც საკუთარი ქალაქის წინაშე პირნათლად მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი, მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, თუნდაც არა ჩვენი, არამედ ჩვენი ოპონენტების სასარგებლოდ, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და საგნობრივი ოპონირება, პოლიტიკური პლურალიზმი მხოლოდ გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისა და ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის. მით უმეტეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთ თბილისის, ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქალაქის საკრებულოზე და თითოეული ჩვენგანი, მმართველი ძალის, თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, განურჩევლად საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებისა, უბრალოდ ვალდებული ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ და მაქსიმალურად დავიხარჯოთ თბილისის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ კონკურენციის მიუხედავად, პოლიტიკური ოპონენტებიც ეცდებიან, რომ ქალაქის მასშტაბით შექმნილი ყველა სიკეთის თითოეულ მოქალაქემდე მიტანის საკითხში საკუთარ წვლილს შეიტანენ.
„მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ არაა უბრალო სიტყვები. ეს არის კონკრეტული ხედვა, თუ როგორ მიგვაჩნია ამ ქალაქის განვითარება, როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი დედაქალაქი ოთხი წლის შემდეგ. მწამს, რომ დღეს, მით უმეტეს მსოფლიო პანდემიის ფონზე, სწორედ ეს თითოეული უბნის, ამ უბნებში მცხოვრები თითოეული ადამიანის კეთილდღეობა, ქალაქის მასშტაბით შექმნილი ყველა სიკეთის თითოეულ ადამიანამდე მიტანა, უნდა იყოს ჩვენი მიზანიც და მთავარი საზრუნავიც. გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ პოლიტიკური კონკურენციის, სამწუხაროდ, ხშირად დაპირისპირების მიუხედავადაც კი, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებიც ეცდებიან, რომ საკუთარი აგური დადონ ამ საქმეში - ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობაში. შესაძლოა, ამგვარ ერთიანობას, პასუხისმგებლობიან, პატრიოტულ მიდგომას დღეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოდესმე, რადგან არც ჩვენს ქვეყანას, არც ჩვენს ხალხს და არც თბილისს დასაკარგი დრო ნამდვილად აღარ აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ. გამოსვლის ბოლოს კი თქვა, რომ მას თბილისისთვის არა უბრალოდ კარგი, ყველაფერი საუკეთესო სურს.
თბილისის მერის საკრებულოში გამოსვლის პარალელურად, საკრებულოსთან საპროტესტო აქციას მართავდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". აქციის წევრებმა საკრებულოსთან მიიტანეს ბანერები წარწერებით: ,,კახი ნაგვამდის”, „რამდენი იშოვე კალაძე”, ,,კ-ახია შენზე” და სხვა.
დაწერეთ კომენტარი