გერმანიაში ახალი მმართველი კოალიციის წევრმა პარტიებმა სამშაბათს ხელი მოაწერეს კოალიციურ შეთანხმებას. დოკუმენტს ბერლინში ხელი მოაწერეს მომავალმა კანცლერმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ოლაფ შოლცმა, პარტია „კავშირი 90-მწვანეების“ ლიდერმა, მომავალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა და თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, მომავალმა ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა, ასევე პარტიების სხვა წამყვანმა წარმომადგენლებმა.
ახალი კოალიცია, ე.წ. „შუქნიშანი“ - მასში მონაწილე პარტიების ფერების მიხედვით - სექტემბერში გამართული ბუნდესტაგის არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა. არჩევნებში პირველი ადგილი მოიპოვეს სოციალ-დემოკრატებმა, რომლებსაც ერგოთ კანცლერის პოსტი. ოპოზიციაში გადადის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, რომლის ლიდერი ანგელა მერკელი 16 წლის განმავლობაში იყო კანცლერი.
როგორც მოსალოდნელია, შოლცს კანცლერად დაამტკიცებენ უკვე 8 დეკემბერს. ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას შოლცმა განაცხადა, რომ ახალი კოალიციის მთელი ძალისხმევა ახლა უნდა მიმართულ იქნეს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევისკენ.
პრესკონფერენციაზე შოლცი შეეხო ამჟამინდელ დაძაბულ ვითარებას რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში. მან განაცხადა, რომ გერმანიის ახალი მთავრობა გააგრძელებს უკრაინის საზღვრების ხელშეუხებლობის მოთხოვნას და შეეცდება ნორმანდიის ფორმატში მოლაპარაკებების განახლებას. შოლცის თქმით, გერმანიაში შეშფოთებული არიან ცნობებით უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების კონცენტრაციის შესახებ. მისი სიტყვებით, ძალის გამოყენებით უკრაინის მიმართ მუქარა დაუშვებელია. შოლცმა ასევე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ სწორედ ასეთ, აშშ-სა და ევროკავშირს შორის საერთო პოზიციას გაუზიარებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სამშაბათის ვიდეოშეხვედრაზე. მან ასევე მხარი დაუჭირა ბაიდენის ინიციატივას მსოფლიო დემოკრატიების სამიტის თაობაზე.
დაწერეთ კომენტარი