Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტით გაგრძელდება უკრაინისა და ბალტიისპირეთის უსაფრთხოების პროგრამების დაფინანსება


უკრაინელი ჯარისკაცი აღმოსავლეთ უკრაინაში მიტოვებულ სახლთან
უკრაინელი ჯარისკაცი აღმოსავლეთ უკრაინაში მიტოვებულ სახლთან

7 დეკემბრის გვიან ღამით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონი თავდაცვის შესახებ, რომელიც უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფას ითვალისწინებს.

წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტის კანონპროექტში სამხედრო ხარჯები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მოთხოვნილ თავდაპირველ თანხაზე 25 მილიარდით მეტია და 770 მილიარდ დოლარს შეადგენს.
პენტაგონის მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტის ფარგლებში უკრაინის სამხედრო დახმარება 300 მილიონი დოლარით დაფინანსდება, 4 მილიარდი დოლარი გამოიყოფა ევროპის თავდაცვის ინიციატივაზე, ხოლო 150 მილიონი დოლარი დაიხარჯება უსაფრთხოების თანამშრომლობის სფეროში ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის გათვალისწინებულ პროგრამებზე.

თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს მტკიცე მხარდაჭერა აქვს კონგრესის ორივე პალატაში, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს ეკუთვნით.

კონგრესის ორივე პალატაში დამტკიცების შემდეგ, პენტაგონის ბიუჯეტის კანონს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.

შარშანდელ წელთან შედარებით, პენტაგონის ბიუჯეტი 5%-ით იზრდება, მაგრამ საბიუჯეტო კანონპროექტში აღარ არის შეტანილი წინადადება, რომელიც რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სავალდებულო სანქციების შემოღებას ითვალისწინებს. კანონმდებლებმა უარი თქვეს ასევე შესწორებაზე, რომელიც აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთის სუვერენული ვალის შესყიდვას აუკრძალავდა.

ჩინეთის შეკავების მიზნით, აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტში წყნარი ოკეანის ინიციატივის დაფინანსების ფარგლებში 7,1 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. კონგრესის განცხადების თანახმად, კანონპროექტი ასევე კრძალავს პენტაგონის მიერ ისეთი სამხედრო პროდუქციის შესყიდვას, რომელიც იძულებით შრომის გამოყენებით სინძიანის პროვინციაშია წარმოებული.

აშშ-ი ბრალს სდებს პეკინს უიღურებისა და სხვა მცირერიცხოვანი ხალხების, მეტწილად მუსლიმანი უმცირესობის გენოციდში სინძიანის პროვინციაში, სადაც, ვაშინგტონის თანახმად, 2 მილიონი ადამიანი იმყოფება შრომით ბანაკებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG