Accessibility links

site logo site logo

ჯიშკარიანი: გუშინდელმა ფაქტმა გაამწვავა არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული სტრესული აშლილობის ნერვული სიმპტომები


მარიამ ჯიშკარიანი

გორის სამხედრო ჰოსპიტალში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა თქვა, რომ ექსპრეზიდენტი კვლავ საჭიროებს მკურნალობას. მისი თქმით, საჭიროა ინტენსიური მკურნალობა-რეაბილიტაციის კურსის შერჩევა, განსაკუთრებით ნეირო-ფსიქოლოგიური მიმართულებით.

ჯიშკარიანი შეეხო სააკაშვილთან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლების მისვლას.

„გუშინდელმა ფაქტმა, რა თქმა უნდა, გაამწვავა არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული სტრესული აშლილობის ნერვული სიმპტომები. გარკვეულწილად წინა პლანზე არის გამოფიტვის სიმპტომი, რაც არის ფსიქო-ფიზიკური ასთენიზაცია. ეს დაკავშირებულია ხანგრძლივ შიმშილობასთან. ის კავშირშია არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებასთან და ინტერვენციასთან, ვინაიდან გვიან გადაიყვანეს ის სხვა კლინიკაში. შესაბამისად, ვერნიკეს ენცეფალპათიასთან არის დაკავშირებული მრავალი სიმპტომი, რომელიც რჩება და საჭიროებს მკურნალობას. უპრიანი იქნება საზღვარგარეთ, სადაც არის ნეირო-რეაბილიტაციის ცენტრები, ვინაიდან სერიოზულ შედეგებთან გვაქვს საქმე ხანგრძლივი შიმშილობის და მოსალოდნელია მერყეობა ჯანმრთელობის მდგომარეობის. სჯობს ისეთ ცენტრებში მოხდეს მისი რეაბილიტაცია, სადაც არის ამის გამოცდილება“, - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

„ემპათიის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საქართველოს ციხეთა სისტემაში ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნება უსაფრთხო არ იქნება.

„რაც შეეხება ციხეთა სისტემაში დაბრუნებას, ამაზე არაერთხელ განვმარტე, რომ იქ, სადაც არის ინტერესთა კონფლიქტი, მიმდინარეობს გამოძიება არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ, თანამდებობის პირები უნდა იყვნენ გადაყენებული თანამდებობებიდან და შემდეგში შესაძლებელია ამაზე საუბარი. საქართველოს ციხეთა სისტემა არ მიმაჩნია უსაფრთხოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის, ვინაიდან ასეთი ჯანმრთელობით სტრესულ გარემოში დაბრუნება და მისდამი არაკეთილგანწყობილ გარემოში დაბრუნება იქნება პაციენტისთვის საზიანო“, - აღნიშნა მან.

მარიამ ჯიშკარიანმა ილაპარაკა ორგანიზაციის მორიგი დასკვნის შესახებ. „დასკვნაში ცხადად იქნება მოთხრობილი ყველა იმ წამების მეთოდის და არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რომლებიც განხორციელდა მის [სააკაშვილის] წინააღმდეგ და იმის შესახებ, რა შედეგები გამოიღო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თვალსაზრისით აღნიშნულმა არაადეკვატურმა მოპყრობამ და არაადეკვატურმა სამედიცინო მომსახურებამ“, - თქვა მან. ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ 7 დეკემბერსაც განხორციელდა მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რამაც გარკვეულწილად გაამწვავა მისი მდგომარეობა.

ყოფილმა პრეზიდენტმა შეწყვიტა პროტესტის ის ფორმა, რომელიც მკურნალობის გაგრძელებაზე უარს ითვალისწინებდა და რომელსაც 7 დეკემბერს მიმართა, სატელევიზიო სიგნალის დროებით შეწყვეტის გამო.

7 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სიცრუე უწოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მისთვის შეხვედრების შეზღუდვის და ტელევიზორის ჩამორთმევის შესახებ.

სამსახურმა "მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ცრუ ბრალდებების" პასუხად, გვიან ღამით გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მე-18 სამკურნალო დაწესებულების მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას არანაირი კავშირი არ აქვს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებასთან.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილთან მე-18 დაწესებულების უფლებამოსილი პირების ვიზიტი განპირობებული იყო მისთვის უფლებამოვალეობების ოქმის გაცნობის მიზნით, რაზეც სააკაშვილმა უარი თქვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების მოსამსახურეებს.

7 დეკემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მისმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიას გააცნო სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნის პასუხად, მასთან მივიდა გლდანის მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომლებშიც მისი „წამების მონაწილეები ამოიცნო“.

7 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის თანახმად, იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა კანონდარღვევით გაავრცელეს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის:

  • ციხის მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა და მისი კვების რაციონის შესახებ ინფორმაცია;
  • მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალა;
  • რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეო მასალა;
  • რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერი.

სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტრო 500 ლარით დააჯარიმა, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახური - 2000 ლარით.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG