Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში


რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში უკრაინის დასაცავად აშშ-ის ჯარების გაგზავნა არ იგეგმება, ვინაიდან უკრაინა არ არის ნატოს წევრი ქვეყანა, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

„იდეა, რომ შეერთებული შტატები ცალმხრივი წესით გამოიყენებს ძალას, რათა წინ აღუდგეს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ამ მომენტში არ განიხილება. ჩვენ გვაქვს მორალური და იურიდიული პასუხისმგებლობა ნატოში ჩვენი მოკავშირეების მიმართ - ხელშეკრულების მეხუთე მუხლის მიხედვით. მაგრამ ეს გარემოება არ ვრცელდება უკრაინაზე“ - განაცხადა ბაიდენმა ოთხშაბათს თეთრ სახლში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. ამავე დროს, ბაიდენის თქმით, მან მკაფიოდ გამოხატა აშშ-ის მზადყოფნა, უზრუნველყოს უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები.

ბაიდენი ასევე შეეხო 7 დეკემბერს გამართულ ორსაათიან სატელეფონო საუბარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. აშშ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, მან აგრძნობინა პუტინს, რომ თუკი რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ოპერაციას დაიწყებს, მას ჯერარნახულ ეკონომიკურ შედეგებთან ექნება საქმე. და, როგორც მან აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ პუტინმა „გაიგო ეს მესიჯი“.

თავის მხრივ, ოთხშაბათს ვლადიმირ პუტინმაც გააკეთა კომენტარი ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შესახებ. სხვათა შორის, მან ახსენა მოსკოვის წუხილი ნატოში უკრაინის შესაძლო გაწევრიანების თაობაზე.

„არ შეიძლება არ გვაღელვებდეს ნატოში უკრაინის შესაძლო მიღების პერსპექტივა, ვინაიდან ამას უთუოდ მოჰყვება შესაბამისი სამხედრო კონტინგენტების, ბაზებისა და ჩვენზე დამიზნებული იარაღის განთავსება“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში გახშირდა დასავლეთისა და უკრაინის მხრიდან რუსეთის მისამართით ბრალდებები მის მიერ არმიის დაჯგუფების გაძლიერებისა და უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლო შეჭრისთვის მზადებაში. მოსკოვში, თავის მხრივ, უკრაინასა და აშშ-ს ადანაშაულებენ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებში და აცხადებენ, რომ არის იმის ნიშნები, რომ კიევი აღმოსავლეთ უკრაინაში იერიშისთვის ემზადება. უკრაინის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებებს.

ამ ფონზე აშშ აცხადებს, რომ აპირებს, კიევს მეტი შეიარაღება მიაწოდოს, მათ შორის „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG