უცხო ქვეყანაში აცრილ პირებს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, საქართველოში "მწვანე სტატუსის" მიღება აცრის გაკეთების დამადასტურებელი საბუთის წარდგენით შეეძლებათ. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო და უკვე აისახა მთავრობის დადგენილებაში.
"ელექტრონულ პორტალზე - www.covidpass.moh.gov.ge, აპლიკაციაში - CovidPass Georgia და EU Digital COVID Certificate სისტემებში არარეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის შემოწმება სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყნის მიერ მინიჭებული QR კოდის ან შესაბამისი ოფიციალური უწყების მიერ გაცემული სრული ვაქცინაციის ან ნეგატიური PCR-ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე მოხდება", - აღნიშნავენ მთავრობაში.
საქართველოში "მწვანე პასპორტის" კონცეფცია 1 დეკემბრიდან ამოქმედდა. ამ ახალი რეგულაციით მხოლოდ კოვიდგადატანილ მოქალაქეებს, სრულად ვაქცინირებულ ან უარყოფითი ტესტის მქონე პირებს შეუძლიათ შესვლა: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე.