Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერიკა ოლსონი: საქართველოს მთავრობამ ზოგ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკა ოლსონის თქმით, ვაშინგტონს აწუხებს რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა დააზიანა ქვეყანაში მიმდინარე ზოგიერთი დემოკრატიულ პროცესი.

ამის თაობაზე ოლსონმა გამოცემა „ფორინ პოლისისა“ და „ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის“ მიერ ორგანიზებული ონლაინ დისკუსიისას განაცხადა, საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხზე საუბრისას.

„ამერიკის ხმის“ თანახმად, დიპლომატმა განაცხადა, რომ ნოემბერში საქართველოში ვიზიტმა მას კიდევ ერთხელ შეახსენა ქართველ ხალხსა და ამერიკას შორის მტკიცე მეგობრობის შესახებ, თუმცა ასევე წარმოაჩინა დემოკრატიული საქმიანობის გაგრძელების საჭიროება, რაშიც სასამართლო და საარჩევნო რეფორმები და კანონის უზენაესობა შედის.

ამასთან, ოლსონმა საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაზე საუბრისას დასძინა, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოს დაეხმაროს როგორც პარტნიორი იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ქვეყნის მომავლისთვის თავადაც მნიშვნელოვანად მიიჩნიეს.

„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას და როგორც ახლო პარტნიორებს, გვსურს საქართველოს დავეხმაროთ იმ სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებაში, რომლებზეც თავად გადაწყვიტეს, რომ ისინი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა ერიკა ოლსონმა.

ოლსონის გამოსვლა წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტს, რომელიც 9-10 დეკემბერს იმართება და რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს.

ერიკა ოლსონის განცხადებით, ამერიკა მოელის საქართველოს მიერ იმ სამომავლო ნაბიჯების შესახებ დაპირებებს, რომლებსაც ქვეყანა მომავალი წლისთვის დემოკრატიის სამიტზე წარმოადგენს.

„ჩვენ გავაგრძელებთ ჩართულობას და როცა საჭიროა გვექნება მძიმე გზავნილები, რაც მეგობრობის მნიშვნელოვანი ნაწილია“,- თქვა ოლსონმა.

მანამდე სასამართლო და საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენიმე განცხადება გააკეთა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს 26 ნოემბრის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საელჩო „იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე“.

რაც შეეხება საარჩევნო რეფორმისადმი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებებს, მას ელჩი კელი დეგნანი გამოეხმაურა. ელჩმა მედიასთან საუბარში შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეჩერებისა და საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე შესაძლო უარის შესახებ მმართველი პარტიის განცხადება. დეგნანმა მედიას უთხრა, რომ „ზოგი, როგორც ჩანს, ისევ არ იგებს, რომ დემოკრატია მოითხოვს შეხედულებების მრავალფეროვნებას, ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს და უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის“.

„2%-იანი და უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ 2 ქვეყანაში და არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია და ამას გეუბნებით, როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი თვითონ არ არის ექსპერტი",- ასე უპასუხა 2 დეკემბერს ჟურნალისტებს"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან და დაბალ საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადების კომენტირება სთხოვეს.

განცხადებას კვლავ გამოეხმაურა კელი დეგნანი და თქვა, რომ ის პატივს სცემს ირაკლი კობახიძის ცოდნასა და გამოცდილებას საკონსტიტუციო საკითხებში, თუმცა იქვე დასძინა, რომ მას უმუშავია სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციებზე და კონსტიტუციის წერის გამოცდილებაც აქვს.

9 დეკემბერს "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს, თბილისის მერს კახა კალაძეს, მედიის წარმომადგენლებმა ერიკა ოლსონის განცხადების კომენტირება სთხოვეს. კახა კალაძემ ოლსონის თანამდებობის დაზუსტება ითხოვა და შემდეგ განაცხადა:

„რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე?" - თქვა კალაძემ და დაამატა, რომ არ იცის ვის შეხვდა ეს ადამიანი და რა განცხადებებს აკეთებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG