მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, რუსეთის დამოუკიდებელი გაზეთის, „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი დმიტრი მურატოვი აუცილებლად მიიჩნევს „დემოკრატიის რეაბილიტაციას“ იმ ქვეყნებში, სადაც მასზე უარის თქმის შედეგად დიქტატურა იკიდებს ფეხს. „ხოლო სადაც დიქტატურაა, იქ ომიცაა. თუ ჩვენ უარს ვამბობთ დემოკრატიაზე, მაშინ ჩვენ ომს ვეთანხმებით“, - განაცხადა მურატოვმა 9 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ოსლოში, სადაც 10 დეკემბერს მისი და ფილიპინელ-ამერიკელი ჟურნალისტის, მარია რესას, დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
წელს, 8 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ ნობელის კომიტეტმა მშვიდობის დარგში 2021 წლის პრემია მიენიჭა რუსეთის დამოუკიდებელი გაზეთის, „ნოვაია გაზეტას“, მთავარ რედაქტორს, დმიტრი მურატოვს და ფილიპინელ-ამერიკელ ჟურნალისტს, მარია რესას „მათი ძალისხმევისთვის სიტყვის თავისუფლების დაცვაში“.
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ენიჭებათ ადამიანებს ან ორგანიზაციებს, რომლებიც „მეტს ან უკეთ გააკეთებენ ხალხთა შორის ძმობისთვის“.
შარშან მშვიდობის დარგში პრემიის ლაურეატი გახდა გაეროს სასურსათო პროგრამა, რომელიც მსოფლიოში შიმშილს ებრძვის.
პრემიის ლაურეატებს გადაეცემათ ოქროს მედალი და გამარჯვებულებს გაუნაწილდებათ 1,4 მილიონი დოლარი ფულადი ჯილდო.
საპრიზო ფონდის ფულს გასცემს შვედი გამომგონებლის, 1895 წელს გარდაცვლილი ალფრედ ნობელის მიერ შექმნილი ფონდი.
როგორც მურატოვმა თქვა, ეს ჯილდო ეკუთვნით „ნოვაია გაზეტასა“ და მის ჟურნალისტებს, რომლებიც თავიანთი პროფესიული საქმიანობისთვის გამოასალმეს სიცოცხლეს.
მან დასძინა, რომ ჯილდოთი გათვალისწინებული ფულის ნაწილი გამოყენებულ იქნება მძიმე სნეულებებით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ და ჟურნალისტიკისთვის.
„ნოვაია გაზეტა“ შეიქმნა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის თანხით, რომელიც საბჭოთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხაილ გორბაჩოვმა მიიღო 1990 წელს. ეს პროექტი გორბაჩოვის პოლიტიკის ქვაკუთხედის, „გლასნოსტის“ (საჯაროობა) მონუმენტად იყო ჩაფიქრებული.
დაწერეთ კომენტარი