ლონდონის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს აპელაცია დაბალი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე და დაადგინა, რომ პროექტ WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი შეიძლება ექსტრადირებულ იქნეს შეერთებულ შტატებში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თავის მხრივ შეიძლება გაასაჩივროს დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ, რაც იმას ნიშნავს, რომ ასანჟს, რომელიც ამჟამად ბრიტანეთის ციხეშია, ახლავე არ ემუქრება აშშ-ში ექსტრადიცია.
ოქტომბერში, აპელაციასთან დაკავშირებულ მოსმენაზე, აშშ-მა ლონდონის სასამართლოს წარუდგინა გარანტია, რომ ამერიკის ციხეში ასანჟის მიმართ არ იქნება გამოყენებული სპეციალური ადმინისტრაციული ზომები, ანუ მას ექნება მონახულების უფლება და არ მოთავსდება სამარტოო საკანში. ასევე აშშ-ის ხელისუფლება პირობას დებს, რომ მას არ მოათავსებენ მაქსიმალურად მკაცრი რეჟიმის ციხეში კოლორადოს შტატში, თუკი ის ახალ დანაშაულს არ ჩაიდენს. გარდა ამისა, აშშ თანახმაა, რომ ასანჟმა, თუკი აშშ-ის სასამართლო მას პატიმრობას მიუსჯის, სასჯელი მოიხადოს ავსტრალიაში, რომლის მოქალაქეც არის.
ასანჟის იურისტებმა, ასევე ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა პროცესის მსვლელობაში უარყვეს ეს გარანტიები. მათი თქმით, ისინი არ არის საკმარისი და აშშ იტოვებს უფლებას, უკან წაიღოს ეს გარანტიები.
აშშ-ში ასანჟს 18 ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის - ჯაშუშობის თაობაზე კანონმდებლობის დარღვევისთვის. საქმე ეხება WikiLeaks-ის მიერ ამერიკის უწყებების საიდუმლო დოკუმენტების პუბლიკაციას. პროექტი აქვეყნებდა ასევე დოკუმენტებს, რომლებიც, როგორც ამტკიცებენ, რუსი ჰაკერების მიერ იყო მოპოვებული 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის დროს. მაგრამ ბრალდება ამ ეპიზოდს არ ეხება. აშშ-ში WikiLeaks-ის დამაარსებელს პრაქტიკულად შეიძლება ემუქრებოდეს სამუდამო პატიმრობა - 100 წელზე მეტი. თუმცა, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ადრე ამ სახის ბრალდებით უფრო რბილი განაჩენი გამოუტანიათ.
დაწერეთ კომენტარი