Accessibility links

site logo site logo

მელიას თქმით, „სანამ სააკაშვილი არის ტყვეობაში“ შერიგებაზე საუბარი აზრს მოკლებულია


ნიკა მელია

ეროვნული შერიგების საკითხზე დაწყებულ დისკუსიას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. როგორც ის აცხადებს, სააკაშვილის გათავისუფლებამდე აზრს მოკლებულია შერიგებაზე საუბარი.

„მნიშვნელოვანია ახლა მობილიზაცია, მნიშვნელოვანია ახლა, რომ ჩვენი საპროტესტო ხმა კიდევ და კიდევ უფრო ხმამაღლად ისმოდეს. 21 დეკემბერს ყველას გელოდებით 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე, რბილად რომ ვთქვათ, იქნება უბრალოდ აზრდაკარგული“, - თქვა მელიამ.

ეს საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".

საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის საყოველთაო შერიგებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც სექტემბრის ბოლოს საქართველოში დაბრუნდა საქართველოს სასამართლოების მიერ ორჯერ გასამართლებული ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ის სამართალდამცავებმა დააკავეს. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საყოველთაო შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზია. მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, პოლიტიკოსების შერიგება დღეს შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია.

6 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკის საშუალებით მორიგი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება. ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლად კი სააკაშვილი "ეროვნულ შერიგებას" ასახელებდა.

"დიდი შერიგების" იდეით სააკაშვილი თავდაპირველად ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოვიდა.

14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებს გააცნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი, რომელშიც ის წერდა, რომ "აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე“.

"ქართული ოცნების" ლიდერები სააკაშვილის შეთავაზებული შერიგების საფუძვლებს ვერ ხედავენ, რადგან ამას მლიქვნელობად და რეალური გეგმების შეფუთვად აფასებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG