Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე "საყოველთაო შერიგების" მისეულ ფორმულაზე საუბრობს


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე საზოგადოებას "საყოველთაო შერიგების" მისეულ ფორმულას სთავაზობს და ამბობს, რომ ამისთვის აუცილებელი იქნება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, რომლებსაც ის დამნაშავეებად მოიხსენიებს, პოლიტიკიდან გავიდნენ. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

"მე კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩემეულ ფორმულას "შერიგებასთან" დაკავშირებით. ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა უნდა აღიარონ ყველა უმძიმესი დანაშაული, რაც ჩაიდინეს - წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობის, ტერიტორიების დათმობის, ბიზნესის რეკეტის ჩათვლით - რასაც ჰქონდა სისტემური ხასიათი. ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკოსების ადგილი აღარაა პოლიტიკაში. ეს უნდა აღიარონ და შეიძლება ამის შემდეგ დაიწყოს საუბარი შერიგებაზე.

ვიდრე ამ ადამიანებს - დამნაშავეებს, კრიმინალებს - აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია", - თქვა კობახიძემ.

მსგავსი ვერსია გააჟღერა პარლამენტის ტრიბუნიდან "ევროპელი სოციალისტების" წევრმა დავით ზილფიმიანმა. მისი თქმით, "საყოველთაო შერიგებისთვის" აუცილებელია "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი თქვას შემდეგ არჩევნებში მონაწილეობაზე.

შერიგების საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".

საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის საყოველთაო შერიგებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც სექტემბრის ბოლოს საქართველოში დაბრუნდა საქართველოს სასამართლოების მიერ ორჯერ გასამართლებული ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ის სამართალდამცავებმა დააკავეს. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საყოველთაო შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზია. მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, პოლიტიკოსების შერიგება დღეს შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ამ აზრს არ იზიარებს, "რადგან ქვეყანაში ღირებულებათა შეუთანხმებლობაა".

6 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკის საშუალებით მორიგი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება. ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლად კი სააკაშვილი "ეროვნულ შერიგებას" ასახელებდა.

"დიდი შერიგების" იდეით სააკაშვილი თავდაპირველად ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოვიდა.

14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებს გააცნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი, რომელშიც ის წერდა, რომ "აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე“.

"ქართული ოცნების" ლიდერები სააკაშვილის შეთავაზებული შერიგების საფუძვლებს ვერ ხედავენ, რადგან ამას მლიქვნელობად და რეალური გეგმების შეფუთვად აფასებენ.

XS
SM
MD
LG