Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქურდული სამყაროს" წევრები აეროპორტთან მდგარ ტაქსისტებს  თანხას ართმევდნენ - შსს


თბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისში აეროპორტთან მდგარ კერძო ტაქსის მანქანების მძღოლებს "ქურდული სამყაროს" წევრები და მათთან კავშირში მყოფი პირები, იმ ტერიტორიაზე მუშაობის სანაცვლოდ, გამომუშავებული თანხის ნახევარს სთხოვდნენ. უწყების კრიმინალური დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ იმ მძღოლებს, რომლებიც ამ მოთხოვნას არ თანხმდებოდნენ, აეროპორტის ტერიტორიაზე მუშაობას უკრძალავდნენ.

სულ დაკავებულია 9 პირი. მათ 3-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დაკავებულები არიან: 1992 წელს დაბადებული გ.ლ. (მეტსახელად „აბაშა“), 1993 წელს დაბადებული ბ.ჟ., 1984 წელს დაბადებული გ.გ., 1992 წელს დაბადებული გ.მ. (მეტსახელად „ბუბლიკა“), 1989 წელს დაბადებული დ.გ., 1990 წელს დაბადებული გ.კ., 1997 წელს დაბადებული გ.თ., 1962 წელს დაბადებული ნ. ჩ. (მეტსახელად „მეგრელა“) და 1991 წელს დაბადებული დ.ს. მათ ბრალი "ქურდული სამყაროს" წევრობაში, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერასა და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვაში ედებათ.

გამოძიების მიხედვით, "ქურდული სამყაროს" წევრი გ.ლ., ბ.ჟ. და გ.გ. საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ - ი. ყ.-ის დავალებითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, 2021 წლის მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე თვითდასაქმებული კერძო ტაქსების მძღოლებისგან ე.წ. "ქურდული საერთოს" შეგროვების პროცესში იყვნენ ჩართული.

"ისინი "ქურდული სამყაროს" მხარდამჭერ ტაქსის მძღოლებს - გ.მ.-ს, დ.გ.-ს და გ.კ.-ს, რომლებმაც იცოდნენ "ქურდული სამყაროს წევრების" საქმიანობის შესახებ, ასევე, აეროპორტის ტერიტორიაზე მომუშავე სხვა თვითდასაქმებულ ტაქსისტებს სთხოვდნენ ე.წ. "ქურდულ საერთოში" შეეტანათ მათ მიერ გამომუშავებული თანხის ნახევარი, რის სანაცვლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე შეუზღუდავი მუშაობის საშუალება მიეცემოდათ", - აღნიშნა კრიმინალური სამსახურის უფროსმა.

მანვე განმარტა, რომ აღნიშნული სამი პირი მუდმივად აკონტროლებდა, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე კერძო ტაქსით მუშაობის უფლება ჰქონოდათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ე.წ. "ქურდული საერთოსთვის" თანხას იხდიდნენ.

"ქურდული სამყაროს" აღნიშნულ წევრებსა და იმ მძღოლებს შორის, რომლებიც მათ თანხას არ უხდიდნენ, დაპირისპირება წარმოიქმნა. 2021 წლის აგვისტოში, არსებული დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად და „ქურდული სამყაროს“ წევრებზე გავლენის მოხდენის მიზნით, ნ. ჩ. და დ.ს. გაემგზავრნენ თურქეთში, სადაც შეხვდნენ ქართველ „კანონიერ ქურდ“ თ.ხ.-ს, რომელმაც დავა მათ სასარგებლოდ გადაწყვიტა.

მოგვიანებით. დაპირისპირებული მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ნ.ჩ.-ს და მის მომხრე მძღოლებს „ქურდული სამყაროს“ წევრებმა კვლავ აუკრძალეს აეროპორტის ტერიტორიაზე საქმიანობა", - ვკითხულობთ შსს-ის განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა-3 მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე პრიმა-4 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG