Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ ვაპირებ გადადგომას - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხი სალომე სამადაშვილს


დეპუტატი სალომე სამადაშვილი, პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას, დაინტერესდა ინფლაციის მაღალი მაჩვენებლოების კონტექსტში, როდის აპირებს კობა გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგომას.

სალომე სამადაშვილის თქმით, ეს კითხვა „ლელოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ მანამდე, საკომიტეტო მოსმენის დროსაც დასვა, ახლა კი თავად იმეორებს, ვინაიდან ბადრი ჯაფარიძე სასამართლო პროცესს ესწრება და არ იმყოფება პარლამენტში.

"დღევანდელი მოხსენების მოსმენის შემდგომ საქართველოს პარლამენტში, ვფიქრობ ერთადერთი აქტუალური შეკითხვა, რომელიც შეიძლება თქვენთან ვინმეს ჰქონდეს, ის შეკითხვაა, რომელიც ჩემმა კოლეგამ, ბატონმა ბადრი ჯაფარიძემ კომიტეტის სხდომაზე უკვე დაგისვათ - როდის აპირებთ, რომ გადადგეთ? მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ბატონი ბადრი ვერ ესწრება სხდომას, მათ შორის, თქვენი არც თუ მცირე წვლილის შედეგად, ის იძულებულია, რომ ესწრებოდეს სასამართლო სხდომას, რომელიც მიმდინარეობს მისი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ, სრულიად უპრეცედენტოა ამ საქმეში თქვენი როლი, როდესაც პირდაპირ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდა, ჩვენს ქვეყანაში პირველად, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი და ამიტომ ბატონი ბადრის ნაცვლად, მე გისვამთ დღეს, კიდევ ერთხელ, შეკითხვას, როდის აპირებთ, რომ გადადგეთ?“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მან გადადგომასთან დაკავშირებული კითხვის შინაარსი დამატებით განმარტა და თქვა, რომ საქართველოში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია.

„25 წლის მანძილზე მიაღწია ჩვენს ქვეყანაში ინფლაციამ მაქსიმალურ ნიშნულს და თქვენ მე კომიტეტის სხდომაზე მითხარით, რომ ეს არ არის სიმართლე. უცნაურია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ აქვს ეს მონაცემები, გასული 25 წლის მანძილზე დეკემბრიდან-დეკემბრამდე ინფლაცია სადამდე ადიოდა ჩვენს ქვეყანაში და მე მინდა გითხრათ, რომ ამ მონაცემების თანახმად, 1996 წელს გვქონდა 13.8% და დღევანდელი მონაცემებით ასულია უკვე 12.5% -ზე, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი და თქვენ გვეუბნებით, რომ ინფლაცია კიდევ გაიზრდება დეკემბრის ბოლომდე. ამიტომ 25 წლის მანძილზე რეკორდულ ინფლაციას რომ მიაღწევს ქვეყანა, განცხადების გარდა, რომ მიდიხართ თქვენი პოსტიდან, რამეს უნდა გვეუბნებოდეთ საქართველოს პარლამენტში დღეს?“- ჰკითხა სალომე სამადაშვილმა კობა გვენეტაძეს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პასუხის გაცემა ინფლაციის თაობაზე დასმული კითხვის პასუხით დაიწყო.

„მე მოგაწოდეთ ეს ინფორმაცია და კიდევ ერთხელ მინდა მოგახსენოთ. ეს არის გეოსტატის (სტატისტიკის ეროვნული სამსახური) საიტიდან აღებული ინფორმაცია - 1996 წელს საშუალო ინფლაცია იყო 41.6%. 1999 წელს საშუალო ინფლაცია იყო 19.3%, 2006 წლის ივლის-აგვისტოში 14.5 და 13.4%. 2011 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით, შესაბამისად - 13.7 %, 13.9% და 13.5% და 14.3 % . თუ ავიღებთ წლიურ ინფლაციას 1996 წელს, როგორც ამბობთ, ეს იყო 13.8%. ეს არის ის ინფორმაცია, რაც მოგაწოდეთ და თქვენი ინფორმაცია, ამ შემთხვევაში რეკორდების შესახებ, სწორი არ გახლავთ. თქვენ კითხვას ბატონი ბადრის შეკითხვასთან დაკავშირებით ვუპასუხე - არ ვაპირებ გადადგომას, გარდა ამისა, თუ გაინტერესებთ დეტალები ამ საქმესთან დაკავშირებით, მე მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი გამოსვლა ამ ტრიბუნიდან ზუსტად, ვებსაიტზეც არის ეს და გთხოვთ, კიდევ ერთხელ ნახოთ. იქ ძალიან ბევრს შეკითხვას გავეცი პასუხი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ,

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს განიხილავს, რომელიც დეპუტატებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.

გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 2019 წლის ივლისში. აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მათი საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება“.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.

გასული წლის 22 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

გამოძიება ავთო წერეთელს ედავება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას. ავთანდილ წერეთელს 500-ათასლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG