Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2013 წლის 17 მაისის ლგბტ აქციის დარბევის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა


2013 წლის 17 მაისი. გიორგი გოგუას (ლიბერალი) ფოტო.
2013 წლის 17 მაისი. გიორგი გოგუას (ლიბერალი) ფოტო.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უპრეცედენტო“ უწოდა 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და 193 500 ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს, რომლის „ხელისუფლების მდუმარე თანხმობითაც“ მოხდა აღნიშნული ძალადობა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.

„სასამართლომ კერძოდ დაადგინა, რომ (საქართველოს ხელისუფლებამ) არ გაატარა ზომები ბრბოსაგან ლგბტ დემონსტრანტების დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებული იყო ამ მოვლენასთან დაკავშირებით არსებული საფრთხის შესახებ. ამას გარდა, არსებობს მტკიცებულებები, კერძოდ დამოუკიდებელი ჟურნალისტების ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ხელის არშეშლას ძალადობის აქტების მიმართ“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში პუშკინის სკვერში შეკრებილ ლგბტ თემის წევრებს სასულიერო პირების თანხლებით ათასობით მონაწილე დაუპირისპირდა. ისინი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფა აყენებდნენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს და აქტივისტებს. შეხლა-შემოხლის დროს, რაზეც პოლიცია ვერ ახდენდა რეაგირებას, აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.

საერთშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებდნენ იმ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 17 მაისს მომხდარი ძალადობა წააქეზა იმ დაუსჯელობამ, რაც ლგბტ თემის მიმართ წინა წელს მომხდარი უფრო მცირე მასშტაბის დაპირისპირების გამოძიებისას საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა.

„სასამართლო ვერ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ამ უპრეცედენტო მასშტაბის ძალადობაზე გავლენა მოახდინა ხელისუფლების უმოქმედებამ, რომ ჩაეტარებინა დროული და ობიექტური გამოძიება ლბგტ თემზე წინა წელს მომხდარი ძალადობის ფაქტზე, რომელიც ასევე განიხილა სასამართლომ და რომელშიც ასევე გამოვლინდა ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევები“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ევროპული სასამართლოს პალატამ 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ერთსულოვნად დაადგინა დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ ევროპული კონვენციის მე-14 (შეკრების თავისუფლების შესახებ) მუხლთან ურთიერთკავშირში, არაადამიანური და ღირსების დამამცირებელი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლების დარღვევა და დაადგინა, რომ საქართველომ მოსარჩელეებს ჯამში უნდა გადაუხადოს 193 500 ევრო.

მათ შორის, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 000 ევრო საქართველომ უნდა გადაუხადოს მომჩივანს, რომელმაც 2013 წლის 17 მაისს მომხდარი ძალადობის დროს ტვინის შერყევა მიიღო, 6000 ევროს მიიღებს დაზარალებული, ვინც პოლიციამ სუპერმარკეტში დაამცირა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", ააიპ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“, ააიპ "იდენტობისა" და "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის" (EHRAC) ერთობლივ საქმეზე -„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG