Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის საკრებულომ თავმჯდომარე დღესაც ვერ აირჩია


ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა, წინა ორის მსგავსად, ისე გადაიდო, რომ დეპუტატებმა ვერ შეძლეს საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევა.

პროცედურული საკითხების გავლის შემდეგ, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”.

ენმ-ის წევრის, ხათუნა შამუგიას განმარტებით, დღევანდელ სხდომას სხვადასხვა მიზეზით ვერ ესწრებოდნენ მისი გუნდის წევრები, რამდენიმე კი იმიტომ მივიდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის" ახალი წევრის ადგილმონაცვლის უფლებამოსილება ეცნოთ.

ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", გიორგი ფიფიამ და "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, ირაკლი ლაგვილავამ გასულ სხდომაზე საკრებულო პირადი მიზეზებით დატოვეს. დღეს მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება ცნეს. სწორედ ამის შემდეგ დატოვა ენმ-მა სხდომათა დარბაზი. პარტიის წევრმა ხათუნა შამუგიამ განმარტა, რომ ეს გუნდური გადაწყვეტილებაა.

“მოლაპარაკების რეჟიმშია ეს ყველაფერი. მომდევნო ნაბიჯებს შემდეგ ვნახავთ", - აღნიშნა ენმ-ის წევრმა სხდომის დატოვების შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში 23 დეპუტატი დარჩა და კვორუმი იყო, “ქართულმა ოცნებამ” თავმჯდომარის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.

როგორც “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი გოგოხიამ განმარტა, ქართული ოცნება" ერთსულოვანი იყო, თუმცა ეს საკმარისი ვერ იქნებოდა საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად.

მისი სიტყვებით, თავად რომც დაეყენებინათ კანდიდატი, იგი მაინც ვერ გაიმარჯვებდა არასაკმარისი ხმების გამო და სხდომა ისევ გადაიდებოდა.

"გადაიდო ერთი კვირით. შეიძლება იმ კვირასაც ვერ მოხერხდეს, მაგრამ, მგონია, რომ ჩამოყალიბდება. ან ჩამოყალიბდება ახალი კოალიცია, ან "ნაციონალური მოძრაობა" და გახარიას პარტია გაერთიანდება და კრიზისს დაძლევს, ან როგორ იქნება, არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად დაიძლევა", - განაცხადა ირაკლი გოგოხიამ.

თავის მხრივ, პარტია “საქართველოსთვის” საკრებულოებში არსებული კრიზისის გამო პასუხისმგებლობას “ნაციონალურ მოძრაობას” და “ქართულ ოცნებას” აკისრებს. ფრაქცია "ზუგდიდი საქართველოსთვის" თავმჯდომარის, გიგა ფარულავას განცხადებით, თავად მზად იყვნენ დღეს თავმჯდომარის კანდიდატი დაესახელებინათ და სხდომა გაეგრძელებინათ:

“იქიდან გამომდინარე, რომ ორი პარტია ამ შემთხვევაში წარმოადგენს უმრავლესობას, თუ აქვთ ამის რესურსი, შეუძლიათ მორიგდნენ და შეთანხმებულად მოხდეს საკრებულოს დაკომპლექტება. ვინაიდან ვერ თანხმდებიან, ჩვენ ვთავაზობთ გამოსავალს. ჩვენ არ ვითხოვთ თანამდებობებს. ჩვენ არ ვვაჭრობთ თანამდებობებით. ამ შემთხვევაში ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს კანდიდატურას და შემდეგ დაბალანსებულად მუნიციპალიტეტის მმართველობას. უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ ვართ სხვა მოცემულობაში და შესაბამისად, უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რომ კრიზისიდან გამოვიყვანოთ მუნიციპალიტეტი", - განაცხადა გიგა ფარულავამ.

დღევანდელ სხდომაზე ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” 2019 წლის 20 ივნისის აქციაზე მომხდარი შეახსენეს.

მათ “დროას” წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ მიმართა, რომ “ადამიანების თვალები ვალად ადევთ” და ამის გამო პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

"თქვენ იმ პარტიას წარმოადგენთ, რომელსაც მაკო გომურის და კობა ლეთოდიანის თვალის ვალი აქვს", - განაცხადა მარიამ სიჭინავამ.

მას ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: “ჩვენი თვალი გაქვთ”.

საკრებულოს სხდომა ერთი კვირით გადაიდო.

წინა ორი სხდომა ზუგდიდის საკრებულოში კვორუმის არქონის გამო გადაიდო. მაშინაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ოპოზიციამ.

3 დეკემბრიდან, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოები. ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულო ქვეყნის მასშტაბით იმ შვიდ საკრებულოს შორისაა, რომელშიც მმართველ პარტიას უმრავლესობა არ აქვს.

ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ წარმოდგენილი, 20-ით - „ქართული ოცნება“, ხოლო 3-ით - „გახარია - საქართველოსთვის“.

2021 წლის ოქტომბრის 2-ტურიანი ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", ერთპარტიული უმრავლესობა დაკარგა შვიდ - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის საკრებულოებში, სადაც ყველაზე მეტი წევრი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავთ, გადამწყვეტ ხმებს კი ფლობს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის".

ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, რასაც "ქართულ ოცნებაში" უარყოფენ.

საერთო ჯამში, ქვეყნის საკრებულოებში მანდატები მოიპოვა ათამდე პარტიამ. მერის არჩევნებში 64-დან მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი, "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრის ბოლოს შეუდგნენ, ხოლო 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს ჩატარებულ მეორე ტურში გამარჯვებულები - ნოემბრის შუა რიცხვებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG