15 დეკემბერს საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან (თორნიკე) ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანიის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის მოქალაქეს, ვადიმ კრასიკოვს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფასებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო და მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს მომხდარს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ:
„ბერლინის ფედერალური მიწის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის მე-2 სენატმა, 2019 წლის 15 აგვისტოს ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე რუსეთის მოქალაქე ვადიმ კ.-ს, იგივე ვადიმ ს.-ს მკვლელობისა და ნახევრად ავტომატური მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს სენატის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ (ციტატა:)„ბრალდებულმა რუსეთის ფედერაციის მთავრობაში შემავალი სახელმწიფო ორგანოდან მიიღო ბრძანება, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლის, თორნიკე კ.-ს ბერლინში ლიკვიდაციის შესახებ რუსეთის ცენტრალური სახელმწიფოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებისა და ჩეჩნეთის მეორე ომში მისი როლის გამო”.
მოგეხსენებათ, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე თანამშრომლობდა გერმანიის შესაბამის უწყებებთან და თავიდანვე საჯაროდ გამოეხმაურა მკვლელობის ფაქტს. მათ შორის, გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქისთვის ბრალის წაყენების და მკვლელობის შემკვეთად რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო უწყებების დასახელების შემდგომ, მკაცრად დაგმო რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული ეს ძალადობრივი ქმედება და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირებისთვის“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც 15 დეკემბერს ბერლინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, რომელსაც საქართველოს მოქალაქის, მალხაზ (თორნიკე) ხანგოშვილის მკვლელობაში ედება ბრალი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა დაიბარა რუსეთის ფედერაციის ელჩი გერმანიაში, სერგეი ნეჩაევი. ამავე დროს რუსეთის ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, რაც დიპლომატების გაძევების ტოლფასია. გერმანიის ფედერალური პროკურატურა აცხადებს, რომ მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით მოხდა.
რუსეთის საელჩომ სასამართლოს განაჩენი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქმე ეხება მიკერძოებულ, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ უფრო ართულებს რუსეთსა და გერმანიას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც უარყოფილია „უსაფუძვლო და რეალობას სრულიად მოწყვეტილი“ ბრალდება, თითქოს რუსეთის სახელმწიფოს სტრუქტურები იყვნენ თანამონაწილე „ტერორისტ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში, რომელიც გერმანიის ხელისუფლების მდუმარე თანხმობით იმყოფებოდა გერმანიაში“.
„ბერლინს ეჭვი არ უნდა შეეპაროს იმაში, რომ რუსეთი ამ ნაბიჯს შესაბამისი ზომებით უპასუხებს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა 16 დეკემბერს სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდა „არასასიამოვნო ეპიზოდი“ ორ ქვეყანას შორის. ამასთან, მოსკოვი იმედოვნებს, რომ ეს ვერ შეუშლის ხელს გერმანიის ახალ კანცლერ ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის ურთიერთობების განვითარებას.
გამოძიების თანახმად, კრასიკოვმა ხანგოშვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო, 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლა ბერლინის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში, რის შემდეგაც ის მალე დააკავეს.
გამოცემა The Insider-მა, დამოუკიდებელმა ჯგუფმა Bellingcat-მა და ჟურნალმა Der Spiegel-მა მოახერხეს დაედგინათ, რომ ხანგოშვილის მკვლელი არის ვადიმ კრასიკოვი, რომელიც ფსბ-ს სპეციალურ ქვედანაყოფ „ვიმპელში“ მსახურობდა. როგორც გამომძიებლები აღნიშნავენ, მას ასევე ბრალი მიუძღვის რუსეთში ორი ბიზნესმენის შეკვეთილ მკვლელობებში.
კრასიკოვი გერმანიაში ჩავიდა პასპორტით, რომელიც სხვა სახელზე იყო გაცემული. ის ხანგოშვილის მკვლელობიდან ცოტა ხანში დააკავეს.
მიმდინარე წლის აგვისტოში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის სასამართლო პროცესის ერთ-ერთ უკანასკნელ სხდომაზე გამოვიდა ბრალდების მოწმე, რომელიც ბრალდებულის ახლო ნათესავია. მან არა მხოლოდ ამოიცნო კრასიკოვი, არამედ ჩვენება მისცა იმის შესახებ, რომ ის ადრე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფში მსახურობდა.
რუსეთი კატეგორიულად უარყოფს მკვლელობასთან კავშირს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოკლული იყო მოსკოვის მეტროში მოწყობილი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მოგვიანებით მას უკავშირებდნენ ბესლანში სკოლის ხელში ჩაგდებას. პუტინის თქმით, ბერლინში მომხდარი მკვლელობა „ბანდიტური გარჩევის“ შედეგი უნდა იყოს.
დაწერეთ კომენტარი