შრომის ინსპექცია ინფორმაციას ავრცელებს ღამის კლუბების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ, რომლის შემდეგაც კლუბებმა მიიღეს დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმების გადაწყვეტილება.
მიუხედავად იმისა, რომ სექტორის მიერ არაერთხელ ითქვა, რომ მთავრობა და საკოორდინაციო საბჭო კლუბების უსაფრთხოდ გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ან უკვე მიღებული ჰქონდათ, კლუბების ფუნქციონირება ამ დრომდე არ არის ნებადართული. შეზღუდვის მიუხედავად, 17 დეკემბერს რამდენიმე კლუბმა მაინც გამართა ღონისძიებები - შრომის ინსპექციამ ამ დღეს კლუბების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე თქვა, რომ კლუბებში თავშეყრა კანონის დარღვევას წარმოადგენდა.
"აღნიშნული სექტორის ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობის მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახურის, ქ.თბილისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლობის ჩართულობით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმ წესების დასადგენად, რომელთა დაცვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
მიღწეულია შეთანხმება, რომ მოხდება ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებული უსაფრთხოების პროტოკოლის და შესაძლო გახსნის პროცედურების, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზისა და შეფასებასთან ერთობლიობაში განხილვა, რომლის საფუძველზეც, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით", - ნათქვამია შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საკლუბო სფერო საქართველოში პანდემიისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებულია იმის გათვალისწინებით, რომ 20 თვეზე მეტია კლუბები დაკეტილია ვიზიტორებისთვის, იქ დასაქმებული ადამიანების უმეტესობა კი შემოსავლის და სამსახურის გარეშეა დარჩენილი.
დაწერეთ კომენტარი