Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორის თქმით, თემურ ალასანია სასამართლოში არ გამოცხადდა, ის საქართველოში აღარ იმყოფება


თემურ ალასანია
თემურ ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მისაცემად იყო დაბარებული, პროკურორის განცხადებით, საქართველოში აღარ იმყოფება.

„გამოკითხვაზე დაბარებული იქნა თეიმურაზ ალასანია მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, თუმცა, მან უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე. შესაბამისად, მისი უარი იყო ის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ბრალდების მხარემ მივმართეთ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისი დაკითხვის შუამდგომლობით. ეს შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა. დღევანდელ, 20 დეკემბრის სხდომაზე წესით და რიგით უნდა მომხდარიყო მისი მოწმის სტატუსით დაკითხვა. თუმცა ის სასამართლოში არ გამოცხადდა. შესაბამისად, ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება სასამართლოს მიეღო, იყო ის, რომ ეს საკითხი განუხილველად დატოვა", - განმარტა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

როგორც ბრალმდებელი ამბობს, ამჟამად თემურ ალასანია საქართველოში აღარ იმყოფება. სადრაძის თქმით, პროკურატურას 18 დეკემბერს თემურ ალასანიას ადვოკატთან ჰქონდა კომუნიკაცია. „მასთან კომუნიკაციის შესაბამისად შემოვიტანეთ შუამდგომლობა, ვინაიდან, ვიცოდით, რომ ის დღეს, წესით საქართველოში უნდა ყოფილიყო და მონაწილეობა უნდა მიეღო დაკითხვაში. თუმცა ფაქტია, რომ არ არის სასამართლოში. აქედან გამომდინარე, ეს მოცემულობაა მხოლოდ. ფაქტია, რომ დღეის მოცემულობით არ არის საქართველოში. თუმცა, ბუნებრივია, ბევრი კითხვა არსებობს თეიმურაზ ალასანიასთან. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით დაისვას ყველა ლეგიტიმური კითხვა მის წინაშე და მოვისმინოთ შესაბამისი პასუხები”, - აცხადებს მიხეილ სადრაძე.

პროკურატურის განმარტებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებული დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება სსკ-ის 180-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. მისი თქმით, სწორედ, ამ საქმის გამო იყო დაბარებული თეიმურაზ ალასანია. პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება 2012 წლამდე პერიოდში ხელოვნურად შექმნილი სამართლებრივი პრობლემის მოგვარების და იმდროინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დარეგულირების სანაცვლოდ, ერთ-ერთი ბიზნესმენისგან 1 მლნ აშშ დოლარის თაღლითურად, მოტყუებით დაუფლების და ამ თანხის სავარაუდო გათეთრების ფაქტს.

თემურ ალასანია საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ის 17 დეკემბერს, ერთხელ უკვე იმყოფებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა საქმეზე, რომელიც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტს შეეხება.

საქმე ეხება 2018 წლის 25 ოქტომბერს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტუაციის რადიკალიზაციაზე ესაუბრება თავის ბიძას, თემურ ალასანიას. ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, ალასანია ქართველებს მოიხსენიებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ამბობს, რომ მილიონს გადაუხდის „ვინც სნაიპერსკი ვინტოვკით მოკლავს ბიძინას.“ თემურ ალასანიამ და მიხეილ სააკაშვილმა ამ ჩანაწერს უწოდეს ტყუილი და ფაბრიკაცია.

მაშინ, გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა იმჟამად პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და თქვა, რომ ავთენტურობის დადგენამდე არ სჯერა ჩანაწერის, რომელშიც, სავარაუდოდ, საუბრობენ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია.

"არც იფიქროთ, გულშიც არ გაივლოთ! რომ წამსვლელები არიან, კი ბატონო, ეჭვს არ იწვევს. მაგრამ თუ ვინმეს რამე შიში და ფიქრიც გაქვთ, არაფრის თავი მაგათ მაგის მსგავსი არ აქვთ. საკუთარი შარვლიდან ხტება ეს საცოდავი“,- განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე ტელეარხს, რომელთაც ინტერვიუ მისცა.

XS
SM
MD
LG