"ჯანდაცვის მთავარი ამოცანა არის 2030 წლისთვის მიაღწიოს იმ თანაბარ ხელმისაწვდომობას და დაფარვას, რომელიც დათქმული არის 2030 წლისთვის და ჩვენ ამ ნაბიჯებს მივყვებოდით ნაბიჯ-ნაბიჯ", - თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ ანგარიშის წარდგენისას. მან მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 9 დეკემბერს გააკეთა, თუმცა წლის ბოლომდე რჩება მოვალეობის შემსრულებლად.
ეკატერინე ტიკარაძემ საქმიანობის შეჯამებისას ისაუბრა ცვლილებებზე, რომლებიც მისი მინისტრობის დროს განხორციელდა.
"ჯანდაცვის სისტემისთვის საჭიროა მეტი მოქნილობა, ამ მიზნით ჩვენ გადავწყვიტეთ ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურა უნდა შეცვლილიყო, ვინაიდან ეფექტურ პოლიტიკას ესაჭიროება ეფექტური მენეჯმენტი და ეფექტურ მენეჯმენტს ესაჭიროება სწორად დალაგებული პროცესები. სწორად დალაგებული პროცესის და სტრუქტურულად სწორად დალაგებული უწყებების გარეშე ვერ ვისაუბრებთ ეფექტურობაზე - ამ მიმართულებით ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები, თითოეული სიპი გახდა უფრო ავტონომიური, იქ იყო ნაკლები პოლიტიკა და მეტი განხორციელების და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საშუალება, რაც მნიშვნელოვნად აისახა ჩვენი მოქალაქეების საჭიროება და ჩვენ უკეთ მივიტანეთ ყველა სერვისი მოქალაქეებთან და გვქონდა სწრაფი რეაგირება მოქალაქეების საჭიროებებზე", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. მან ისაუბრა გამოწვევებზეც, რომელთა შორისაც გამოყო სპეციალისტების დეფიციტი, დაბალი ანაზღაურება და პროფესიაში ხანდაზმულების მაღალი კონცენტრაცია.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში არსებობს სერიოზული დეფიციტი რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგების და ტენდენციაა ისიც, რომ კვალიფიციური ექიმები რამდენიმე ადგილას მუშაობენ ერთდროულად. მინისტრის თქმით, არსებული სტატისტიკით 2 ადგილას მუშაობს ექიმების 42%. ტიკარაძემ პრობლემებს შორის განიხილა ისიც, რომ ექიმების დიდი ნაწილი 60 წელს გადაცილებულია.
მიღწევებზე საუბრისას ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ მისი მმართველობის დროს შეიქმნა 7 სიპი; თანამშრომელთა ანაზღაურება გაიზარდა; მომზადდა რეფორმა, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ სამედიცინო სერვისები; დაიწყო მუშაობა სოციალურ კოდექსზე და ასევე, გათანაბრდა თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო სერვისები; ამუშავდა კოვიდსაწოლების პლატფორმა და უფრო ხელმისაწვდომი გახდა მკურნალობა ონკოლოგიური პაციენტებისთვის.
ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ 2019 წლიდან დაიწყო სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების რეფორმა. აღნიშნული მიზნების ეფექტურად განხორციელების მიზნით კი 2020 წლის თებერვალში შეიქმნა „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“.
„სამედიცინო ჰოლდინგის შექმნის შედეგად მის მართვაში არსებული სახელმწიფო საწოლფონდი პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 022 საწოლიდან გაიზარდა 2 000-მდე. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში შემავალმა კლინიკებმა სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაუწია 257 893 პაციენტს. ასევე, ჰოლდინგის კლინიკებში მკურნალობა გაიარა 105 249 COVID პაციენტმა. ჰოლდინგი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას მის მართვაში არსებული დაწესებულებების განვითარებისთვის, რისთვისაც უახლოეს პერიოდში დაგეგმილია არაერთი მასშტაბური ღონისძიება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტელემედიცინის სერვისებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ტელემედიცინის სისტემების დანერგვა.
„ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, უკვე განხორციელდა რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების აღჭურვა ტელემედიცინის 50 აპარატით, რომლებიც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მათი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებში ისარგებლონ ციფრული ჯანდაცვის შესაძლებლობებით. დამატებითი 50 ამბულატორია ტელემედიცინის პროექტს შემოუერთდება ევროკავშირის გრანტის ფარგლებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
"ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც მალე გამოჩნდება თბილისის ქუჩებში, იქნება მოტოციკლები - ეს იდეა ძალიან გაშარჟებული იყო, მაგრამ ჩვენ ვიცით, რისთვის ვაკეთებთ ამას. ეს არის პარამედიკოსი ექიმი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდება", - თქვა ეკტერინე ტიკარაძემ მოხსენებისას.
დაწერეთ კომენტარი