Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

,,წინასაახალწლო სიურპრიზად”, "ინტერპრესნიუსიდან" გავიგეთ - სახელმწიფო ინსპექტორი მისი უწყების გაუქმების ინიციატივაზე


სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია "ფეისბუქზე" ეხმაურება მმართველი პარტიის მიერ დაჩქარებული წესით ინიცირებულ საკანონმდებლო წინადადებას, მისი უწყების, სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ და ამბობს, რომ ამის შესახებ მან და მისმა თანამშრომლებმა მედიიდან გაიგეს.

"დღეს, ,,წინასაახალწლო სიურპრიზად”, მე და ჩემმა თანამშრომლებმა, ინტერპრესნიუსიდან გავიგეთ, რომ 2021 წლის 22 დეკემბერს, კონსპირაციულად, დაჩქარებული წესით, დაინიცირდა კანონპროექტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ,,გაუქმების” შესახებ.

რა თქმა უნდა კითხვის ნიშნებს ბადებს, დასვენების დღეებში, კანონპროექტის დაინიცირება დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე.

იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება!" - დაწერა ლონდა თოლორაიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე. ამავე სტატუსში ის აღნიშნავს, რომ 9 დეკემბრიდან ცდილობს კომუნიკაციას პარლამენტთან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის ინიცირებისთვის და პარლამენტიდან არცერთ საკონტაქტო პირს ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე არაფერი უთქვამს.

სახელმწიფო ინსპექტორმა უწყების გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტი 24 დეკემბერს გაუგზავნა. ცვლილებები გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით შემუშავდა და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების პროცესშივე წვდომას და დროებითი დაკავების იზოლატორებსა და პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულების დაუყოვნებლივ, ბიუროკრატიული ბარიერების ნახვის უფლების მინიჭებას მოიცავდა.

"სამსახურის გამომძიებელს დროებითი მოთავსების იზოლატორში და პენიტენციურ დაწესებულებაში საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით შესასვლელად, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ესაჭიროება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ნებართვა, რაც დროში აჭიანურებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და ქმნის მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეს;

ხშირ შემთხვევაში, სამართალდამცავ უწყებებში (მაგალითად, პოლიციის განყოფილებებში) დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერების მოპოვება შეუძლებელია მაშინაც კი, როცა მათი მოთხოვნა ხდება დაუყოვნებლივ და არ არის გასული ამავე უწყების მიერ ოფიციალური აქტებით დადგენილი ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა;

ამასთან, არც თუ ისე იშვიათია სახელმწიფო უწყებების მხრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის წერილობით მოთხოვნილი ინფორმაციის დაგვიანებით (რამდენიმე კვირის, თვის შემდეგ) მიწოდების შემთხვევები, რაც დროში აჭიანურებს ან/და შეუძლებელს ხდის მტკიცებულების მოპოვებას;

სამსახურისთვის გამოწვევად რჩება ექსპერტიზის დასკვნების დროულად მიღება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს დროული გამოძიების ჩატარებას", - წერია სამსახურის მიერ 26 დეკემბერს გავრცელებულ პრესრელიზში, რომელიც მანამ არის დაწერილი, სანამ ცნობილი გახდებოდა აპარატის გაუქმების შესახებ ინიციატივა.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების ინიციატივას ნეგატიურად აფასებენ არასამთავრობო სექტორში. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ნიკა სვიმონიშვილის თქმით, "ინსპექტორის სამსახურის გაუქმების უკან მარტივად შეგვიძლია დავინახოთ პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივები" და თუ ხელისუფლებას სურს, ამ ცვლილებას ანგარიშსწორების სახე არ ჰქონდეს, მნიშვნელოვანია:

  • პარლამენტში კანონპროექტის განხილვა არ უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით;
  • ინსპექტორს ვადაზე ადრე არ უნდა შეუწყდეს უფლებამოსილების ვადა და ის ვადამდე არ უნდა ჩამოშორდეს საგამოძიებო უფლებამოსილებას.

მის საქმეში გამოჩენილ პრინციპულობას უკავშირებს ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სურვილს მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ის ამბობს, რომ ინსპექტორს ხელთ აქვს მისი რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანის არა მხოლოდ ის დამონტაჟებული კადრები, რომლებიც პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა, არამედ სრული ვერსია, რომელშიც, სააკაშვილის თქმით, მისდამი ბევრად უფრო სასტიკი მოპყრობაა ასახული.

"სახელმწიფო ინსპექტორის მოსალოდნელი დასკვნა მყარ საფუძველს შექმნიდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩემი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისთვის", - წერს სააკაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG