საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 20 ნოემბრიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს. შეხვედრის შემდეგ მარგველაშვილმა თქვა, რომ თითქმის სამსაათიანი საუბრის მთავარი ნაწილი ქვეყნის უსაფრთხოებას ეხებოდა.
"შეხვედრის ძირითადი ნაწილი ვსაუბრობდით იმ უსაფრთხოების გარემოზე, რაც საქართველოს წინაშე არის ამ დღეებში. დეტალურად მიმოვიხილეთ საქართველოს ირგვლივ არსებული რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომლის მთავარი აქტორიც არის რუსეთი...
ჩვენი ვალია, როგორც ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტების და ყოფილი მთავარსარდლების, გავიზიაროთ ღრმა შეშფოთება და ქალბატონ სალომესთან ერთად, როგორც მთავარსარდალთან ერთად, ვიღვაწოთ იმისთვის, რომ მთელ ამ დაპირისპირების დროს, რომელიც არსებობს, ძალიან მძიმე გამოწვევა დაუდგეს. ჩვენ უნდა გვქონდეს ფუნდამენტი და საფუძველი გაერთიანებისა ერთი გამოწვევის წინააღმდეგ", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პატიმარია.
"ადამიანი, რომელიც აქ არის, ჩემთვის არის პუტინის პატიმარი და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი... რამდენიც არ უნდა გვქონდეს უთანხმოებები ერთმანეთთან, ეს არის ადამიანი, რომლის დაპატიმრებაც პუტინის ინტერესებშია...
ვთანხმდებით რა, ორივენი, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშეა საქართველო, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტების გაერთიანება და შიდა დაპირისპირების ტემპერატურის დაწევა, არის უაღრესად მისასალმებელი, დროული და მხარდასაჭერი", - თქვა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, შეთანხმების პროცესში ის საქმეები, რომლებიც საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ მიიჩნევა პოლიტიკურად მოტივირებულად, იმის მიუხედავად, არის თუ არა ვინმე დამნაშავე, უნდა შეჩერდეს.
"ამ საუბრის წინაპირობა არ შეიძლება იყოს მიმდინარე დევნა ან პატიმრობა ამ საუბრის აქტორებისა - წინაპირობა უნდა იყოს, რომ ამ მრგვალ მაგიდას, ვინც მივუსხდებით და ვისაუბრებთ საქართველოს ერთიან და მთლიან პოლიტიკაზე, როგორიც არის გეოპოლიტიკური გამოწვევები, ვერ ვიქნებით ზოგი პატიმარი და ზოგი დევნის ობიექტი. ამ პერიოდისთვის ამ საქმეებზე უნდა გაკეთდეს მორატორიურმი", - თქვა მარგველაშვილმა.
მანამდე, 20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის წინამორბედს, გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. შეხვედრის დეტალებზე მარგველაშვილმა არ ისაუბრა.
"ვისაუბრეთ არაერთ საკითხზე, რომლის ეთერში განხილვასაც არ ვაპირებ. ბუნებრივია, მათ შორის, იმ მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც დაიწყო ქალბატონმა სალომემ. მიმაჩნია, რომ ეს არის უაღრესად დროული და ადეკვატური პოზიცია პრეზიდენტის", - თქვა მარგველაშვილმა "მთავარ არხთან" საუბრის დროს.
მაშინ მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მზად იყო სააკაშვილთან შესახვედრად, თუ შესაბამისი უწყებები ამის უფლებას მისცემდნენ.
კიდევ უფრო ადრე, 16 დეკემბერს საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები საახალწლო ღონისძიებაზე მიიწვია. ამ დღეს მან თქვა, რომ შერიგების პროცესი უნდა დაიწყოს წინაპირობების გარეშე და თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა.
„ეს არის ძალიან საწყისი პროცესი და მე ის მინდა ვთქვა პირველ რიგში, რომ არა მაქვს ჩამოყალიბებული რაღაცა წინასწარ შექმნილი გეგმა, რომელიც მერე აღარ ექვემდებარება ცვლილებას, პირიქით ეს არის ღია პროცესი, რომელიც უნდა იყოს ყველას ჩართულობით და პირველი ეტაპი ამ პროცესის უნდა იყოს მოსმენა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პროცესები ისევ დაიძაბა. ამ ფონზე სასულიერო პირებმა თუ პოლიტიკოსებმა საყოველთაო შერიგებაზე დაიწყეს საუბარი. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საყოველთაო შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზია. მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, პოლიტიკოსების შერიგება შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია.
დაწერეთ კომენტარი