საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ნოემბრის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ნელი ტემპით, მაგრამ იკლებს, თუმცა, ისევ მაღალია გარდაცვალების მაჩვენებელი - მილიონ მოსახლეზე 17, რაც საქართველოს ე.წ. ზღურბლოვან ინდიკატორზე დაახლოებით ორჯერ მეტია.
დღეს, 28 დეკემბერს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ თქვა, რომ ამჟამად ერთ-ერთ მთავარ საკითხად იქცა ვირუსის ახალი სახეობა - "ომიკრონი", რომელიც განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება.
საქართველოში ამ შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს დადასტურდა. 28 დეკემბრისთვის ლაბორატორიულად გამოვლენილია 63 შემთხვევა. ინფიცირებულთა შორის 5 ბავშვი და მოზარდია.
ამირან გამყრელიძის ცნობითვე, 63 შემთხვევიდან უმეტესობა შემოტანილია, არცერთი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმე არ არის, უმრავლესობა აცრილია, 6 კი - რეინფიცირებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პროგნოზით, დაახლოებით 2-3 კვირის ფარგლებში, საქართველოში "ომიკრონი" შესაძლოა, გახდეს კორონავირუსის დომინანტი სახეობა.
დაწერეთ კომენტარი