Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ქვეყნები საუბრობენ ირანის ბირთვული მოლაპარაკების "სასწრაფო" განზომილებაზე


სამი ევროპული ქვეყნის დიპლომატები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ირანის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის მიზნით ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებში, ამ შეხვედრების "გადაუდებელ" მნიშვნელობაზე საუბრობენ.

ვენაში 27 დეკემბერს განახლდა მოლაპარაკების მერვე რაუნდი. ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეჩერდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2018 წელს თავისი ქვეყანა ხელშეკრულებიდან გაიყვანა და ირანს აღუდგინა მკაცრი ეკონომიკური სანქციები. ხელშეკრულებით 2015 წელს ირანის ბირთვულ პროგრამას შეზღუდვები დაუწესდა, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.

ირანმა, რომელიც აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება, აშშ-ის ამ ნაბიჯს უპასუხა ბირთვული პროგრამის თანდათანობითი გაძლიერებით და ურანის გამდიდრებით, ხელშეკრულებაში განსაზღვრული შეზღუდვების მიღმა.

"ეს მოლაპარაკება სასწრაფოა... აშკარად ვხედავთ, რომ ვუახლოვდებით ეტაპს, როცა ირანის მხრიდან მისი ბირთვული პროგრამის ესკალაცია სრულად გამოშიგნავს ხელშეკრულებას", - აცხადებენ ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის წარმომადგენლები და დასძენენ: "ეს ნიშნავს, რომ ჩვენს განკარგულებაშია კვირები და არა თვეები შეთანხმების მისაღწევად მანამ, სანამ დაიკარგება ხელშეკრულებაში გათვალისწინებული გაუვრცელებლობის ხელსაყრელი პირობები".

ხელშეკრულების აღდგენის მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში პირდაპირი ფორმით მონაწილეობენ რუსეთი და ჩინეთიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG