Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასწორად დატანილი წარწერის გამო ახალი სამგზავრო ბარათების გაყიდვა შეჩერდა


არასწორად დატანილი წარწერის გამო თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამგზავრო ბარათების გაყიდვა დროებით შეჩერდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას "საქართველოს ბანკიდან" მიაწოდეს.

ახალი ბარათების გაყიდვა 5 იანვრიდან დაიწყო და მასზე არასწორად ეწერა სიტყვა "საბაგირო" ("საბაგარო").

"ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდება აბონემენტების გაცემა... უკვე ხვალიდან, 10 იანვრიდან კი განახლდება ბარათის სწორი ვერსიის გაცემა", - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

ბანკში რადიო თავისუფლებას ვერ უთხრეს ზუსტი რიცხვი, რა რაოდენობის ბარათებიც გაყიდეს, თუმცა ამბობენ, რომ სურვილის შემთხვევაში მოქალაქეებს არასწორი წარწერის მქონე ბარათებს ახლით შეუცვლიან.

თბილისში 1 თებერვლიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი, სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება - მგზავრობის საფასური და გადახდის წესი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა ინტენსივობით გამოიყენებს ადამიანი ტრანსპორტს ან რა პაკეტს იყიდის.

აქამდე არსებული ბარათებით - "მეტრომანით" ან საბანკო ბარათებით ("თიბისი ბანკი", "საქართველოს ბანკი") მგზავრობა ისევ შესაძლებელი იქნება, თუმცა მხოლოდ ისევ 90-წუთიანი პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში - სააბონემენტო სისტემაში ჩართვა ამ ბარათებით შეუძლებელია.

მას, ვისაც 1-დღიანი, 1-კვირიანი, 3-თვიანი, 6-თვიანი ან 1-წლიანი აბონემენტის ყიდვა მოუნდება, ჯერ მეტროს სალაროში ან "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალში ახალი ბარათი უნდა იყიდოს (ფასი 2 ლარია), შემდეგ კი თანხის ჩარიცხვით გააქტიუროს სასურველი პაკეტი.

ტარიფები

  • ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
  • ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
  • ულიმიტო 1-თვიანი ბარათი - 40 ლარი;
  • ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
  • ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
  • ულიმიტო 1-წლიანი ბარათი - 250 ლარი.
XS
SM
MD
LG