Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მაგთი" ულიმიტო პაკეტებს აძვირებს


საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატელეკომუნიკაციო კომპანია "მაგთი" ულიმიტო პაკეტებს აძვირებს. აბონენტების ნაწილმა შეტყობინება დღეს, 10 იანვარს მიიღეს.

გაძვირებული ტარიფები ზუსტად ერთ თვეში, 10 თებერვლიდან ამოქმედდება.

  • ულიმიტო ინტერნეტი დღე-ღამე 1 ლარის ნაცვლად 1,5 ლარი ეღირება (ძვირდება 50%-ით);
  • ულიმიტო ინტერნეტ-კვირა (7 დღე) 5 ლარის ნაცვლად, 7 ლარი ეღირება (ძვირდება 2 ლარით).

გარდა ამისა, 10 თებერვლიდან "მაგთის" აბონენტები ვეღარ გააქტიურებენ ე.წ. 25-ლარიან ულიმიტო პაკეტს. ეს იყო ყველაზე იაფიანი შეთავაზება, რომლის საშუალებითაც აბონენტებს ულიმიტო სასაუბრო დროისა და შეტყობინებების გაგზავნა შეეძლოთ. ამავე პაკეტში იყო გათვალისწინებული 1 გბ ინტერნეტი.

ზუსტად ერთ თვეში ყველაზე იაფი პაკეტი, რომლითაც ულიმიტო საუბარი და ულიმიტო შეტყობინებების გაგზავნა იქნება შესაძლებელი 30 ლარი ეღირება. ამ პაკეტში 3 გბ ინტერნეტია გათვალისწინებული.

იმ შემთხვევაში თუ აბონენტი ცალ-ცალკე იყიდის ულიმიტო SMS (10 ლარი) და ულიმიტო სასაუბრო (24 ლარი) პაკეტს, ჯამში 34 ლარი დაუჯდება.

"მაგთის" 25-ლარიანი ულიმიტო პაკეტის გაუქმება 2020 წელსაც უნდოდა. მაშინ კომუნიკაციების კომისიამ, რომელიც ბაზარს არეგულირებს, მიიჩნია, რომ 30-ლარიანი პაკეტის შეთავაზებით მომხმარების უფლებები ირღვეოდა.

"მაგთიკომის" მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული ახალი 30-ლარიანი პაკეტი, რომელიც კომპანიის მიერ, როგორც "მარტივი 25"-ის გაუმჯობესებული ვერსია ისე დაანონსდა, სინამდვილეში მომსახურების გაძვირებაა, რადგან აბონენტებს დამატებითი ინტერნეტ მომსახურების შეძენა მაინც უწევთ, ხოლო იგივე ხმოვანი მომსახურებებისთვის ისინი გაზრდილ საფასურს იხდიან", - აცხადებდა მაშინ კომუნიკაციების კომისია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG