Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის რუსეთთან დიალოგის კვირა - რისთვის უნდა მოემზადოს საქართველო?


"უთხარი პუტინს არა" - აქცია კიევში, 9 იანვარი
"უთხარი პუტინს არა" - აქცია კიევში, 9 იანვარი

ნატოსა და აშშ-სთან რუსეთის უკიდურესად დაძაბული მოლაპარაკებების დაწყების ფონზე, როცა უკრაინა ომის ზღვარზეა და კრემლი დასავლეთს სახიფათო ულტიმატუმებით მიმართავს, უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებმა საქართველოში „განგაშის ზარის“ საჭიროება დაინახეს.

„სამხედრო პროვოკაციებისა“ და „ფართომასშტაბიანი აგრესიის განახლების“ საფრთხეების გამო ექსპერტები ქართველ პოლიტიკოსებს სასწრაფო გააქტიურებისა და პოლიტიკური შუღლის გვერდზე გადადებისკენ მოუწოდებენ.

ნატო და შეერთებული შტატები არ აპირებენ დაჰყვნენ კრემლის სახიფათო ულტიმატუმებს და ბოლო დღეებში ბრიუსელიდან თუ ვაშინგტონიდან წამოსული სიგნალებიც ამაზე მიუთითებს.

ამ კვირას ნატომ „ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კვირა“ უწოდა - ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში დაგეგმილი მოლაპარაკებების გამო. დიალოგი ისევ რუსეთის მუქარითა და ულტიმატუმებით დაიწყო.

მოსკოვი რეგიონში „ბალანსის“ თვითნებური დამყარებით იმუქრება, თუკი მას დასავლეთი არ შეუსრულებს უპირობოდ წაყენებულ სამ ძირითად მოთხოვნას, რომლებიც უკრაინის გარდა, საქართველოსაც შეეხება.

  • რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო და მისი სასიცოცხლო ინტერესები?
  • რა ევალება და რას არ აკეთებს ხელისუფლება თუ მთლიანად, პოლიტიკური სპექტრი?
  • რას ითხოვს რუსეთი და რა არის დასავლეთის პასუხი?

„საერთო სახალხო აღქმა იმისა, რომ საერთოდ რაიმე გვემუქრება, დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, არ არის ... არადა, ყოველი გაშვებული წამი შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე. ის ერთ-ერთი ხელმომწერია ერთობლივ საგანგებო განცხადებაზე, რომელიც უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 10 იანვარს გამოაქვეყნეს.

„ამ განცხადების მთავარი მიზანი სწორედ „განგაშის ზარის“ შემოკვრაა. საქართველოს სახელმწიფოებრიობა ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშეა და თუკი ყველანი არ გავერთიანდებით, ხვალ უბრალოდ გასაყოფი არაფერი გვექნება და აღარც ერთმანეთთან გასარჩევი იქნება რამე.

საფრთხე იმდენად დიდია, რომ შეიძლება გადასანსლოს ჩვენი ქვეყანა... ყაზახეთის მოვლენებმაც აჩვენა, რომ რუსეთი ცდილობს აღიდგინოს ძველი დიდება და აღადგინოს საბჭოთა კავშირის ფარგლები. ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ და ადეკვატურად მივხედოთ ამ საფრთხეებს“, - გვეუბნება ფხალაძე.

ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს რუსეთისგან „სუვერენიტეტის შეზღუდვა" და „საერთაშორისო თანამეგობრობასთან, დასავლეთთან სასიცოცხლო კავშირების გაწყვეტა“ ემუქრება, რაც შესაძლოა რუსეთმა „სამხედრო პროვოკაციებისა“ და „ფართომასშტაბიანი აგრესიის განახლების“ გზით სცადოს.

„კრემლი პირდაპირ მიანიშნებს, რომ საქართველოს მომავალს მხოლოდ რუსეთის გავლენის და დიქტატის ქვეშ ხედავს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების ავტორებს ჩამოთვლილი აქვთ სასწრაფოდ გადასადგმელი მრავალი ნაბიჯი, რაც, პირველ რიგში, პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმებულ მუშაობასა და კონსენსუსს საჭიროებს.

განცხადებას ხელს აწერს „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი თეონა აქუბარდია, მაგრამ, მისი თქმით - არა როგორც დეპუტატი, არამედ როგორც უსაფრთხოების სპეციალისტი. რადიო თავისუფლებასთან აქუბარდია სახელმწიფო ინსტიტუტების ინერტულობაზეც ლაპარაკობს.

„მთავარი პრობლემაა ის, რომ საქართველოს არა აქვს განახლებული სტრატეგიული დოკუმენტები - საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, უსაფრთხოების კონცეფცია, თავდაცვის მზადყოფნის გეგმა... ასეთი რისკებია და არ ტარდება უსაფრთხოების საბჭოს სხდომები... ქვეყანაში არ მიმდინარეობს ელემენტარული მსჯელობა უსაფრთხოების გამოწვევებზე...

ზოგს ჰგონია, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენ არ გვეხება, - არა, ეს ჩვენც გვეხება... როცა ასეთი დაძაბულია ვითარება რეგიონში, როგორ ვაპირებთ ჩვენი ინტერესების დაცვას?! რას აპირებს მთავრობა?! რას აპირებენ სხვა პოლიტიკური ძალები?! უნდა გამოფხიზლდეს ყველა. ჩვენი განცხადებაც ამისთვის არის - პირველი გამოსაფხიზლებელი სიგნალია“, - გვეუბნება თეონა აქუბარდია.

ერთ-ერთი მთავარი სივრცე, სადაც ახლა უსაფრთხოების საკითხებზე გამალებული მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს, განცხადების ხელმომწერთა აზრით - პარლამენტია. მაგრამ საკანონმდებლო ორგანო თებერვლამდე არდადეგებზეა გასული.

უსაფრთხოების საკითხებზე არაფერი უთქვამს არც პრემიერ-მინისტრს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც 10 იანვარს 2022 წლის პირველი მთავრობის სხდომა მოიწვია და საუბრის დრო, ძირითადად, საქართველოს ხელისუფლების დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის სადავო ეკონომიკურ მიღწევებს დაუთმო.

თეონა აქუბარდია გვეუბნება, რომ პარლამენტში შესაძლებელი იქნებოდა რიგგარეშე სხდომის მოწვევაც უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმებისთვის, თუმცა ჯერ ასეთი პერსპექტივა არ ჩანს.

სად არის რეზოლუცია ნატოში გაწევრიანების შესახებ

ოპოზიციონერი ლიდერების აზრით, შექმნილ ვითარებაში, როცა რუსეთი ნატოსგან გაფართოების სამუდამო შეწყვეტას მოითხოვს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა მრავალპარტიული რეზოლუციის მიღება, რომელიც კიდევ ერთხელ ასახავდა საქართველოს მკაფიო სურვილსა და ამბიციას, გახდეს ნატოს წევრი.

ჯერჯერობით არავინ იცის, რა ბედი ეწევა დეკემბერში „ლელოს“ მიერ პარლამენტში შეტანილ რეზოლუციის პროექტს ნატოში გაწევრიანების შესახებ.

„ბიურომ დაამტკიცა და გადასცა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, მაგრამ კომიტეტმა [28 დეკემბერს] აღარ განიხილა... ეს მაშინ, როცა პუტინი “საახალწლო საჩუქარს“ ითხოვს ნატოსგან - ალიანსის გაფართოება შეწყდეს დეკლარირებულად. ამის ფონზე როგორ შეიძლება, რომ საქართველოს პარლამენტს ჰქონდეს უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, ვიდრე არის ნატოს თაობაზე ერთობლივი მკაფიო რეზოლუციის მიღება?!“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ლელოს“ წარმომადგენელი, გრიგოლ გეგელია.

თეონა აქუბარდიას თქმით კი, ამ რეზოლუციის მიღება იქნებოდა დავალების მიცემა მთავრობისთვის - რომ ამ მიმართულებით გაეძლიერებინა მუშაობა.

„კომიტეტის სხდომაზე გვითხრეს, რომ თებერვლამდე გადაიდო ეს საკითხი და დრო სჭირდებაო, თუმცა, როგორც ვნახეთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება „ქართულმა ოცნებამ“ ორ დღეში [დაჩქარებული წესით] შეძლო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თეონა აქუბარდია.

როგორც „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში 10 იანვარს უთხრეს რადიო თავისუფლებას, „ლელოს“ ამ რეზოლუციის ტექსტი „წინასწარ არ იყო შეთანხმებული უმრავლესობასთან“, როდესაც ის ბიუროს სხდომაზე გაიტანეს და, ამასთან, „საქართველოს პარლამენტს სხვა დროსაც არაერთხელ აქვს მიღებული სხვადასხვა სახის დოკუმენტი და დაფიქსირებული აქვს თავისი ურყევი პოზიცია საგარეო კურსთან და მათ შორის - ნატოსთან მიმართებით“.

კონკრეტულად „ლელოს“ რეზოლუციის შესახებ არა, მაგრამ უმრავლესობაში ამბობენ, რომ - ნატოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მომავალში შესაძლოა ისევ დადგეს დღის წესრიგში.

რუსეთი დიალოგში ულტიმატუმებით

10 იანვარს, როცა რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები ჟენევაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, ბრიუსელში ნატო უკრაინის ვიცე-პრემიერს, ოლგა სტეფანიშინას მასპინძლობდა და იმავე დღეს, ალიანსის 30 წევრი სახელმწიფო ნატო-უკრაინის კომისიის სხდომისთვის ემზადებოდა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება შეიძლება, მაგალითად, შეიარაღების კონტროლსა და გამჭვირვალობაზე, მაგრამ არის საკითხები, რაზეც კომპრომისი არ იქნება.

სტოლტენბერგის თქმით:

  • „[რუსეთის] ნებისმიერ შემდგომ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ექნება მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი“;
  • „ნატოს ქვეყნები გაერთიანებული არიან ყველა ერის მხარდასაჭერად - თავად განსაზღვრონ თავიანთი გზა... ეს იყო ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპი ათწლეულების მანძილზე“;
  • „[რუსეთთან დიალოგი] უნდა წარიმართოს უკრაინასთან კონსულტაციის ფონზე, რასაც ასევე დღეს ვაკეთებთ“;
  • „ჩვენ ასევე ვაწარმოებთ მჭიდრო კონსულტაციებს საქართველოსთან, მოლდოვასთან, ფინეთთან, შვედეთსა და ევროკავშირთან“.

ნატო აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადახედავს 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.

10 იანვარს, ჟენევაში ერთმანეთს შეხვდნენ სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უენდი შერმანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი.

რუსეთის მედიამ საგანგებოდ აღნიშნა, რომ უშუალოდ შეხვედრის დაწყების წინ მათ ერთმანეთისთვის ხელი არ ჩამოურთმევიათ. „დიპლომატებმა სოციალური დისტანციის დაცვა ამჯობინეს... შეიკავეს თავი ხელის ჩამორთმევისგან და ასევე ნებისმიერი იმ სახის მისალმებისგან, რომელიც პანდემიის დროს დამკვიდრდა“, - წერს ТАСС-ი.

მანამდე კი, სერგეი რიაბკოვმა ასევე ТАСС-ს უთხრა, რომ ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან ბოლო დროს წამოსული მესიჯები მას სკეპტიკურად განაწყობს მოლაპარაკებების შედეგიანობასთან დაკავშირებით.

რიაბკოვმა ამ ინტერვიუში თქვა, რომ მოსკოვი ჟენევაში უკრაინასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე არ ილაპარაკებს და აქვს მხოლოდ იმის მზადყოფნა, რომ პუნქტების მიხედვით განიხილონ მოსკოვის მიერ ცალმხრივად შემუშავებული და 17 დეკემბერს გამოქვეყნებული ორი დოკუმენტი. მისი თქმით, არანაირი უკანდახევა არ იქნება 3 ძირითად საკითხთან დაკავშირებით:

  • გარანტიების მიღება, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით;
  • გამორიცხვა, რომ რუსეთის საზღვრებთან განთავსდება შეტევითი შეიარაღება მიზანთან წვდომის მინიმალური დროით;
  • აუცილებლობა, რომ ნატო დაუბრუნდეს 1997 წლისთვის არსებულ „საწყის პოზიციებს“ სასწავლო-საწვრთნელი, სადაზვერვო საქმიანობისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით.

ეს მოთხოვნები პირდაპირ უკავშირდება საქართველოსაც და გულისხმობს როგორც ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების დაბლოკვას; ასევე, პრაქტიკულად, ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის შეწყვეტასაც.

მოსკოვი მოითხოვს, რომ ნატომ მის საზღვრებთან გაანადგუროს მანამდე შექმნილი, მათ შორის - საწვრთნელი ინფრასტრუქტურა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) მომავალსაც.

კრწანისის ბაზაზე, 2015 წელს დაფუძნებულ ამ ცენტრში წლების განმავლობაში არაერთი მრავალეროვანი წვრთნა ჩატარდა, მათ შორის - ნატოს ქვეყნების მონაწილეობით და ყოველ ჯერზე ამას ბრაზით პასუხობდა რუსეთი.

როცა უკრაინის საზღვართან „რუსეთის ათობით ათასი სამხედრო და მძიმე შეიარაღებაა კონცენტრირებული“, ნატო და აშშ ცდილობენ, რომ დიდ საფრთხეს, დიალოგის გზით, პოლიტიკური გასაღები მოარგონ; თუმცა ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც ბოლო დღეებში არაერთხელ ითქვა, რომ - მზად არიან „მოლაპარაკებების ჩავარდნისთვისაც“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა 10 იანვარს განაცხადა, რომ არავინ მოელის მოლაპარაკებების შედეგიან დასრულებას ამ ერთ კვირაში და უკვე კარგი იქნება, თუკი მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდებიან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG