Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განაჩენი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 12 იანვარს


ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 12 იანვარს გახდება ცნობილი.

დღეს, 11 საათზე გაირკვევა, დამნაშავედ ცნობს თუ არა სასამართლო ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ჯგუფურად დაახლოებით 16,7 მლნ აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

11 იანვრის სხდომაზე ბრალდების მხარემ რეპლიკით, ბრალდებულებმა კი საბოლოო სიტყვით ისარგებლეს.

თავის საბოლოო სიტყვაში „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას საქმის „დასალაგებლად“ შუამავალი გაუგზავნა.

„ბიძინა ივანიშვილს გამოგზავნილი ჰყავდა ხალხი, დავალაგოთ და დავასრულოთ ეს ყველაფერიო, მაგრამ ამაზე არ წავედით, იმიტომ, რომ თუ არ დასრულდა ეს ყველაფერი... ისევე, როგორც არ წავედით წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ქონების წართმევას მიპირებდნენ“, - თქვა მან. მამუკა ხაზარაძეს ე.წ. შუამავლის ვინაობა არ დაუსახელებია.

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებულებს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში" - ფაქტები და ვარაუდები ცვლილებების გარშემო

ცვლილებებმა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაში გამოიწვია მწვავე დისკუსია და გააჩინა ეჭვებიც - ხომ არ იზღუდება მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ზეგავლენა და გეგმები?

ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გახდა. ამ პოსტს მანამდე ნიკა მელია ითავსებდა; გენერალური მდივნის პოსტი კი - პარტიის ასევე სტაჟიანმა წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა.

ექსპერტების ნაწილს, ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, არ გაუკვირდება, თუკი ნიკა მელია ენმ-ის თავმჯდომარის პოსტსაც დატოვებს.

თავად ნიკა მელია კი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეჭვებისთვის საფუძველი არ არსებობს, 10 იანვრის გადაწყვეტილებით პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება და ბევრად მეტ მხარდამჭერსაც მიიმხრობს.

„ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ენმ-ს წარსულშიც აქვს გამოცდილება, როცა პარტიას და პოლიტსაბჭოს სხვადასხვა თავმჯდომარე ჰყავდა.

რატომ გაჩნდა ეჭვები? რას ფიქრობენ ექსპერტები? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

რთული მოლაპარაკება თუ რთული საუბარი - რუსეთს ამჯერად ნატოში მოუსმენენ

რუსეთთან სასაუბროდ ამჯერად ნატოს სამხედრო გაერთიანება ჯდება. დღეს ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭო დაიწყებს მუშაობას. ხვალ გაგრძელდება „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ რუსეთის მიერ ულტიმატუმის ფორმით წამოყენებულ მოთხოვნებზე მსჯელობა, რომელიც ორშაბათს ჟენევაში დაიწყო.

რუსეთი მოელის, რომ ჟენევის მოლაპარაკებისგან განსხვავებით, ნატო-რუსეთის საბჭოზე საბოლოოდ გაირკვევა, თუ რამდენად არის მზად კოლექტიური დასავლეთი გაითვალისწინოს რუსეთის ორი მთავარი მოთხოვნა: ესაა უარის თქმა ნატოს შემდგომ გაფართოებაზე და სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტა უკრაინასთან, საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან. ამ მხრივ, ჟენევაში გამართულმა რუსეთ-ამერიკის კონსულტაციებმა მოსკოვს იმედი გაუცრუა.

ორშაბათს კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ რუსეთი კოლექტიური დასავლეთისგან „წყალგაუმტარ და სავალდებულო გარანტიებს“ ითხოვს. ერთ-ერთ ასეთ გარანტიად რუსეთი ამჯერად უკვე ალიანსის ბუქარესტის 2008 წლის სამიტის კომუნიკეში ჩაწერილი ფორმულის („უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები“) რედაქტირებას მიიჩნევს. აშშ კი აცხადებს, რომ რუსეთს არ აქვს უფლება დახუროს ნატოს ღია კარი.

მსგავსი პოზიცია გამოხატა 10 იანვარს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის ვიცე-პრემიერ ოლგა სტეფანიშინასთან გამართულ ბრიფინგზეც.

რა დათმობებზე შეიძლება წავიდნენ აშშ და რუსეთი? წაიკითხე მეტი კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

მეექვსე ტალღის პიკში: როგორ გავუმკლავდებით „ომიკრონს“?

საქართველოში უკვე ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ 951 შემთხვევა გვაქვს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, დადებითი შემთხვევების 45% უკვე სწორედ ამ შტამზე მოდის.

„ომიკრონი“ უსწრაფესად ვრცელდება - ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მეექვსე ტალღის აღმავალ ნიშნულზეა, რაც მეტ სიფრთხილეს, მეტ მობილიზებასა და ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნას მოითხოვს.

საქართველოს უკვე აქვს „ომიკრონის“ დამდგენი ტესტები. რადიო თავისუფლების კითხვას, თუ რამდენი ასეთი ტესტია შემოსული ქვეყანაში, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ „საკმარისი“.

კორონავირუსის ახალი ვარიანტით ინფიცირების მაჩვენებლები კი ასეთია:

  • საშუალო ასაკი 33 წელია.
  • მათგან 71 ადამიანი 18 წელზე ნაკლებისაა.
  • 5 წლამდე ასაკის არის 13 ბავშვი, 6 თვემდე ასაკისა კი - 3.
  • 83% საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, დანარჩენები უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან და შემთხვევების ნაწილიც შემოტანილია.
  • საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა მხოლოდ 11 ადამიანს და 7 უკვე გაწერილია.
  • არცერთს, აცხადებს ამირან გამყრელიძე, ინტენსიური თერაპია არ დასჭირვებია.

როგორ გაუმკლავდება საქართველო „ომიკრონს“? გაიგე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიიდან.

სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება სააკაშვილის კადრების უკანონო გავრცელების შესახებ

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს სარჩელი, რომლითაც უწყება მოითხოვდა გაუქმებულიყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების წაშლაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამართალდარღვევათა ოქმი. გადაწყვეტილება მოსამართლემ 11 იანვარს გამოაცხადა. ინფორმაციას ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

ამავე გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტრო აღარ ითვლება სამართალდამრღვევად და მას აღარ აქვს მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს წაშლის ვალდებულება.

"მას შემდეგ, რაც სამსახურს სასამართლოს მიერ გადმოეცემა დასაბუთებული გადაწყვეტილება, სადაც მითითებული იქნება სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმების კონკრეტული მიზეზები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს", - აცხადებენ ინსპექტორის სამსახურში.

წაიკითხე მეტი.

„პუტინი კრემლს ცოცხალი თავით აღარ დატოვებს”

ყაზახეთი კვლავ რჩება რუსეთის საზოგადოების განხილვის მთავარ თემად, თუმცა ბოლო დროს დიდწილად შეიცვალა სადისკუსიო საკითხები: თუ ადრე პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები განიხილავდნენ საპროტესტო აქციების არამშვიდობიან ხასიათს, დარბევებსა და დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ჯარების შემოყვანას, ახლა საუბარია იმაზე, თუ რა ელის ყაზახეთს და რა გავლენას იქონიებს იქ მიმდინარე მოვლენები რუსეთის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, რა დასკვნას გამოიტანს რუსეთის ხელისუფლება როგორც „ყაზახური ბუნტიდან“, ასევე ნურსულთან ნაზარბაევის მიერ მემკვიდრედ დატოვებული ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის ქცევიდან. რუსი პოლიტოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთი გაზრდის თავის გავლენას ყაზახეთზე და ამ ქვეყანას რუსეთ-ბელარუსის კავშირის მესამე წევრად აქცევს, ნაწილი კი შიშობს, რომ პუტინი კიდევ უფრო სასტიკად გაუსწორდება თავის პოლიტიკურ ოპონენტებს და არა მხოლოდ მათ.

ყაზახეთის იანვრის მოვლენებმა რუსეთში ბევრს გაახსენა, რომ ამ ქვეყანაში 3,5 მლნ ეთნიკური რუსი ცხოვრობს, რომ ყაზახეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის და, შესაბამისად, როგორც რუსეთის პატრიარქმა, კირილმა შენიშნა, „ისტორიული რუსეთის ტერიტორიის ნაწილია“. ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი მარკოვმა კი ნიშნის მოგებით იმ გარემოებას გაუსვა ხაზი, რომ ურუსეთოდ დარჩენილი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების სახელმწიფოებრიობა დღემდე მოიკოჭლებს და, რომ „რუსეთის დახმარების გარეშე ეს ქვეყნები პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებიან“.

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

რა ეწერა ვლადიმირ პუტინის ბლოკნოტში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს აღწერდა? რატომ არ დალია ყავა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის დროს? როდის და რატომ „აუვარდათ თავში“ „ვარდების რევოლუციის“ ლიდერებს?

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG