Accessibility links

site logo site logo

მთავარი ექიმის თქმით, ოკუპირებულ ჯავის რაიონში მოსახლეობას კოლექტიური იმუნიტეტი აქვს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ჯავის რაიონში, ადგილობრივ მცხოვრებლებს, კორონავირუსის მიმართ „კოლექტიური იმუნიტეტი“ გამოუმუშავდათ. ამის შესახებ ოსურ მედიასთან ოკუპირებული ჯავის რაიონული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა კონსტანტინე გასიევმა ისაუბრა.

"ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან პანდემია დასრულდა, რადგან ხალხი მასობრივად აღარ ავადდება. რა თქმა უნდა, არის ერთეული შემთხვევები. მაშინვე ხდება ლოკალიზება და ინფიცირებულის იზოლაციაში გადასვლა. თუ კონკრეტული შემთხვევა გართულდა, ცხინვალის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაგვყავს, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მოსახლეობას უკვე აქვს კოლექტიური იმუნიტეტი", - განაცხადა მთავარმა ექიმმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რაიონული საავადმყოფოს სამუშაო, არა მხოლოდ კორონავირუსით დაავადებული პაციენტების იდენტიფიცირება და ცხინვალის საავადმყოფოში გადაყვანა, არამედ COVID-19-ის შემდგომი გართულებების მკურნალობაცაა.

"ჩვენი კლინიკა ახლა უმეტესწილად მკურნალობს გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, რომლებსაც პოსტკოვიდური გართულებები აღენიშნებათ. მათთან თერაპევტები, ენდოკრინოლოგები და ნევროლოგები მუშაობენ. რუსეთში ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები უკვე დაფიქსირებულია და სავარაუდოა, რომ ეს ვირუსი ჩვენთანაც შემოვა, თუ ოპტიმისტურად ვიფიქრებთ, ეს კოლექტიური იმუნიტეტი მოსახლეობაში სადღაც ზაფხულის დაწყებამდე ან შუა რიცხვებამდე იქნება. შემდეგ ჩვენ ისევ უნდა ველოდოთ კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდას", - განაცხადა გასიევმა.

დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, კორონავირუსით ინფიცირების 10 422 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 10 205 ადამიანს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG