აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების და მის ნაცვლად ორი უწყების შექმნის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება გასაგებად უნდა იყოს ახსნილი. ამასთან, კელი დეგნანი აცხადებს, რომ თუ გადაწყვეტილება ინსპექტორის დათხოვნას არ ემსახურებოდა, მაშინ ახალ სამსახურს ის უნდა ჩასდგომოდა სათავეში.
„თუ აპირებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და დაითხოვო სახელმწიფო ინსპექტორი, რომელსაც ექვსწლიანი ვადა აქვს, უნდა სცადო, რომ, მინიმუმ, რასაც აკეთებ, ხალხისთვის გასაგები იყოს და უნდა ახსნა, თუ რატომაა ეს აუცილებელი. ის იდეა, რომ ეს გაუქმებას არ წარმოადგენს... ამ შემთხვევაში, რატომ დადგა აუცილებლობა სახელმწიფო ინსპექტორის დათხოვნის. საქართველოს სჭირდება პროფესიონალების გამოცდილება, როგორიც გახლავთ სახელმწიფო ინსპექტორი, რომელსაც ამ საქმის დიდი გამოცდილება აქვს. სულ მცირე, ის უნდა ჩასდგომოდა სათავეში ამ ახალ ორგანოებს. თუ ეს გაუქმებას არ წარმოადგენდა, მაშინ რატომ დაითხოვეს ის“, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან საუბარში, რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ.
კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული სახით 30 დეკემბერს მიიღო. ამ კანონით, 1 მარტიდან თანამდებობებს ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები.
კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობდა, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 13 იანვარს არ გამოიყენა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და არ დაადო ვეტო "სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ" კანონს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდა. იგივე პოზიცია ჰქონდა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსაც.
კანონის მიღების შემდეგ საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გაკრიტიკებული იყო საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების გამო. საელჩო კრიტიკასთან ერთად აღნიშნავდა, რომ, მისი შეფასებით, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან.
"მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა... განზრახ თუ უნებლიეთ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.