Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონის თქმით, ევროკავშირმა უსაფრთხოების ახალი სისტემა უნდა შექმნას და რუსეთს წარუდგინოს


ემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა შექმნან ახალი „უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სისტემა“, რომლისთვისაც საჭირო იქნება „სტრატეგიული გადაიარაღება“, ასევე „პირდაპირი და მომთხოვნი“ მოლაპარაკებები რუსეთთან.
„ის ჩვენ, ევროპელებმა უნდა ავაგოთ ერთმანეთს შორის, ნატოში ჩვენს პარტნიორებს გავუზიაროთ და მოლაპარაკებების თემად შევთავაზოთ რუსეთს,“ თქვა მაკრონმა სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში გამოსვლისას.

საფრანგეთი ევროკავშირის მორიგი თავმჯდომარის ფუნქციების შესრულებას იწყებს მაშინ, როცა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების თავმოყრის გამო იზრდება შეშფოთება, რომ მოსკოვი უკრაინაში ინტერვენციისთვის ემზადება.

ამჟამად, სავარაუდოდ, რუსეთის 100 ათასზე მეტი ჯარისკაცია თავმოყრილი უკრაინის საზღვრებთან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც კიევში იმყოფება ვიზიტით, თქვა, რომ მოსკოვი გეგმავს ჯარების „ძალიან სწრაფად“ გაძლიერებას.
მოსკოვი უარყოფს, რომ მეზობელ უკრაინაში შეჭრას აპირებს და აცხადებს, რომ უფლება აქვს, საკუთარი ჯარები საკუთარ ტერიტორიაზე გადააადგილოს როცა უნდა და სადაც უნდა.

2014 წელს რუსეთმა ხელში ჩაიგდო უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული და მას მერე დახმარებას უწევს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში. იქ მიმდინარე ბრძოლებში 2014 წლის აპრილიდან დღემდე 13200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ევროპაში „დესტაბილიზაციის მცდელობაზე“ საუბრისას მაკრონმა თქვა, რომ ევროპას სურს უკრაინის კონფლიქტს პოლიტიკური პასუხი გასცეს. სხვა დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის ურთიერთობებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან და მათ ბლოკში გაწევრიანების „გულწრფელი“ პერსპექტივები შესთავაზოს.

XS
SM
MD
LG