Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებაში აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები ერთიანი არიან


ენტონი ბლოინკენი და ანალენა ბერბოკი
ენტონი ბლოინკენი და ანალენა ბერბოკი

აშშ-ი და მისი ევროპელი მოკავშირეები ერთიანი ფრონტით მოქმედებენ უკრაინისადმი დახმარებისა და რუსეთზე ზეწოლის საკითხში, რათა აიძულონ რუსეთი ური თქვას მეზობელი ქვეყნისადმი აგრესიის შემდგომ ესკალაციაზე. ამის შესახებ 20 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა ბერლინში მის გერმანელ კოლეგა, ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ.


ბლინკენმა კვლავ დაადასტურა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ახალ შეჭრას აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ერთიანი და მკაცრი პასუხი მოჰყვება. შეჭრაში იგულისხმება „რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიის ნებისმიერი გადალახვა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა პირდაპირი შეჭრის ნაცვლად შესაძლოა აირჩიოს უკრაინის მიმართ ნებისმიერ სხვა აგრესია, მაგალითად, კიბერთავდასხმა, რასაც, ბლინკენის განცხადებით, ასევე მოჰყვება რეაგირება დასავლელი მოკავშირეების მხრიდან.

აშშ-ისა და გერმანიის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა კვლავ დაადასტურეს, რომ დასავლეთი დაინტერესებულია კონფლიქტის დიპლომატიური საშუალებებით გადაჭრაში, მაგრამ ასევე გაიმეორეს ფორმულა, რომელსაც ბოლო დღეებში ხშირად იყენებს აშშ-ის ადმინისტრაცია: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აქვს ორი გზა: დეესკალაცია, ან კონფლიქტი, რომლის გაჩაღებისთვისა რუსეთი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის. იგივე გაიმეორა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმაც.

ენტონი ბლინკენი ევროპის ქვეყნებს ეწვია 19 იანვარს უკრაინის გამო რუსეთთან მზარდი დაძაბულობის განმუხტვის მიზნით მოლაპარაკების გასამართად.

კიევში ის შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

21 იანვრისთვის დაგეგმილია ბლინკენის ჟენევაში ჩასვლა, სადაც ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.

აშშ და მისი ნატოელი პარტნიორი სახელმწიფოები შეშფოთებული არიან უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის, ასი ათასამდე სამხედროს თავმოყრის გამო, რაც უკრაინაში შეჭრის სამზადისი შეიძლება იყოს. რუსეთი უარყოფს, რომ ასეთი განზრახვა აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG