Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არა ბოლშევიკურ წმენდას!" - კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართა


საქართველოს კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართა. იქ შეკრებილი მოქალაქეები სამინისტროს მიერ ხელოვნების მუზეუმსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაწყებულ რეორგანიზაციას აპროტესტებდნენ.

რეორგანიზაციის შედეგად 10-ობით მეცნიერს თანამდებობა დაატოვებინეს. სწორედ ამიტომ ამ რეორგანიზაციას აქციის მონაწილეები "ბოლშევიკურ წმენდას" უწოდებენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე სულხან სალაძე აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ის მიიჩნევს, რომ თანამდებობები დაატოვებინეს იმ თანამშრომლებს, რომელთა მოსაზრებები და შეხედულებები მიუღებელი აღმოჩნდა სამინისტროსთვის.

"დღევანდელი აქცია არის ერთგვარი სოლიდარობა იმ გათავისუფლებული ადამიანების მიმართ, რომლებიც სრულიად უკანონოდ, მათი გამოხატვის თავისუფლების, მათი მოსაზრების თუ შეხედულების გამო იყვნენ გათავისუფლებული და ამას ვამბობ იმიტომ, რომ გათავისუფლებულთაგან 8 ადამიანი არის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებულ პეტიციებზე ხელმომწერი. ეს არის ტერორი, ეს არის დევნა - მეტი არაფერი, რეორგანიზაცია მარტო ქაღალდზე ჰქვია ამ ყველაფერს. სინამდვილეში ეს არის არასასურველი კადრებისგან სისტემის გაწმენდა", - ამბობს სულხან სალაძე.

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება "ლელოს" ლიდერი ფიქრია ჩიხრაძეც. ის მიიჩნევს, რომ დღეს სამინისტრო იყენებს ბოლშევიკურ მეთოდებს და იმ კადრებს ატოვებინებენ თანამდებობებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდნენ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას.

"დღეს ბოლშევიკური მეთოდებით გადაწყვიტეს, რომ პარტიულად მიუღებელ კადრებად ჩაითვალონ ეს ადამიანები იმიტომ, რომ ვიღაცას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აღმოაჩნდა ან აქციაზე გავიდა რაღაცის გასაპროტესტებლად, ჩვეულებრივი საბჭოთა კომისრული მეთოდებით ხდება ჩამოშორება მათი საყვარელი და ძალიან მნიშვნელოვანი საქმისგან და ეს არის დანაშაული მომავალი თაობის და საქართველოს წინაშე", - უთხრა ფიქრია ჩიხრაძემ რადიო თავისუფლებას.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეასა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში რეორგანიზაცია 2021 წლის 6 დეკემბერს დაიწყო და ახალი საშტატო განრიგის დამტკიცებით დასრულდა. ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ რეორგანიზაციის დაწყების წინ მათ ხელი მოაწერინეს იმაზე, რომ ინფორმირებულები იყვნენ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.

რეორგანიზაციის შედეგად, მუზეუმთა ჯგუფში 175-დან 146-მდე შემცირდა საშტატო პოზიციები. მათ, ვინც სამსახურიდან არ გაათავისუფლეს, რეორგანიზაციის შედეგად, ხელფასები გაეზრდებათ.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს რეორგანიზაციის შედეგად სააგენტოში 17 სამსახურის ნაცვლად დარჩა 11, დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა და სააგენტოს საშტატო ნუსხას დაემატა 17 ოსტატის პოზიცია (ქვითხურო, ხითხურო, კირითხურო, სახურავთა ოსტატი, მჭედელ-ზეინკალი და ხარატი).

რეორგანიზაციის შედეგად სააგენტოდან გათავისუფლებულ მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ პოლიტიკური შეხედულებებისა თუ სამოქალაქო პოზიციების გამო დაითხოვეს ისინი სამსახურიდან მინისტრის ბრძანებით.

მიღებული გადაწყვეტილებების გამო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკანის ამ პოსტიდან გადაყენებას საქართველოს მთავრობას ონლაინ პეტიციით სთხოვენ მოქალაქეები. პეტიციის ავტორი ფილოსოფოსი გიგი თევზაძეა.

პეტიციის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ თეა წულუკიანის მინისტრის პოზიციიდან გათავისუფლების გარდა, დროა საქართველოს კულტურის სისტემაც განთავისუფლდეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებული მართვის პრინციპებისგან.

კულტურის სამინისტრო, მას შემდეგ რაც 2021 წლის გაზაფხულზე ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა და მისი მინისტრი თეა წულუკიანი გახდა, ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი უწყებაა, რომელიც არც საზოგადოებას და არც მედიას არ აძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას, პრესცენტრი არ პასუხობს ჟურნალისტებს სატელეფონო ზარებს და წერილებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG