Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში სიტუაცია კონტროლქვეშაა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 იანვარს, ღამით განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლება ყველაფრისთვის მზად არის, თუმცა, უკეთესის იმედი აქვთ და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ პარტნიორებთან, დიპლომატებთან და სამხედროებთან ერთად. უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ და ნუ იყვირებენ, რომ ყველაფერი იღუპება.

საზოგადოებას და მედიას დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმაც. მისი განცხადებით, დღევანდელი სიტუაცია ახალი და მოულოდნელი არ არის, რადგან უკრაინა ომის საფრთხის წინაშეა 2014 წლიდან. დანილოვის თანახმად, უკრაინის ხელისუფლება სიტუაციას სრულად აკონტროლებს და საზოგადოებას პანიკისთვის არანაირი საფუძველი არ აქვს.

უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა სიმშვიდისკენ მოუწოდა პოლიტიკურ ლიდერებსაც. დანილოვმა ზედმეტი დაძაბულობის შექმნის მაგალითად მოიყვანა კიევის მერის, კლიჩკოს ინიციატივა ქვეყნის დასაცავად მერების შეკრების შესახებ და განაცხადა, რომ ამისთვის უკრაინას შეიარაღებული ძალები ჰყავს. როგორც დანილოვმა თქვა, უკრაინა ერთია და მის დათმობას არავისთვის აპირებენ.

ბოლო თვეებში დაძაბულობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა რუსეთის მიერ, სამხედრო სწავლებების მოტივით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 ათასამდე სამხედროს განთავსებამ, რასაც კიევი და დასავლეთის სახელმწიფოები განიხილავენ უკრაინაში შეჭრისთვის მზადებად. ამას რუსეთი უარყოფს, თუმცა, აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს „უსაფრთხოების გარანტიებს". კრემლის ერთ-ერთი მოთხოვნაა ნატომ უარი თქვას ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG