Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Transparency International-ი: "ფესვგადგმულმა ავტორიტარიზმმა" აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კორუფციის ზრდა გამოიწვია 2021 წელს 


Transparency International-მა (TI)განაცხადა, რომ მაშინ, როცა კორუფციის დონე მთელ მსოფლიოში "ერთ ადგილზე რჩება", აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თითქმის 75 პროცენტს გასული ათწლეულის განმავლობაში წინსვლა ან საერთოდ არ განუცდია, ან პირიქით, შემცირდა, ან ძალიან მცირე იყო, რაც აჩვენებს მზარდი ავტორიტარიზმის, ადამიანის უფლებათა დარღვევების და კორუფციის "მანკიერ წრეს".

2021 წელი "დამანგრეველი იყო სამოქალაქო უფლებების მხრივ" აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, სადაც კორუმპირებული პოლიტიკური ლიდერები "ახშობენ ყველანაირ განსხვავებულ აზრს - ოპოზიციური პარტიებიდან დაწყებული, აქტივისტებითა და პრესით დამთავრებული", - განაცხადა TI-ის რეგიონულმა მრჩეველმა ცენტრალურ აზიაში, ალტინაი მირზაბეკოვამ, თავის განცხადებაში 25 იანვარს, როცა ბერლინში დაფუძნებულმა კორუფციის მეთვალყურე დამკვირვებელმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 2021 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI).

"მაშინ, როცა მთავრობები ცოტას აკეთებენ კოვიდ-19-ის პანდემიის მოსახლეობაზე გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ ეს გამოიყენეს უფლებებისა და თავისუფლების შემდგომი შეზღუდვების და ავტორიტარიზმის შემდგომი გამყარების მიზნით", - დასძინა მირზაბეკოვამ.

კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) საშუალო გლობალური მაჩვენებელი უცვლელია ბოლო 10 წლის განმავლობაში და 43-ს შეადგენს, ხოლო ქვეყნების ორი მესამედის მაჩვენებელი 50 ქულაზე ნაკლებია.

TI-ის თანახმად, ქვეყნები, სადაც ირღვევა სამოქალაქო თავისუფლება, უცვლელად იღებენ ინდექსის სულ უფრო და უფრო დაბალ ქულებს, ხოლო "თვითკმაყოფილება კორუფციასთან ბრძოლაში აძლიერებს ადამიანის უფლებათა დარღვევას, ძირს უთხრის დემოკრატიას და ქმნის მანკიერ სპირალს", რომელსაც კორუფციის კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებლებამდე მივყავართ.

XS
SM
MD
LG