Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი: "რუსეთის გადასაწყვეტია - როგორი იქნება მისი პასუხი. მზად ვართ ნებისმიერი გზისთვის"


26 იანვარს შეერთებული შტატების მთავრობამ რუსეთს გადასცა წერილობითი პასუხი კრემლის მოთხოვნებზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს დოკუმენტის გასაჯაროებას და იმედი აქვს, მოსკოვიც მსგავსად მოიქცევა, რომ დარჩეს მოლაპარაკებების სივრცე. ბლინკენმა აშშ-ის პასუხის ზოგიერთ მნიშვნელოვან ასპექტსა და დასავლეთის ერთიან პოლიტიკაზე ილაპარაკა. გთავაზობთ მისი გამოსვლის ტექსტს:

„დღეს, ელჩმა სალივანმა მოსკოვში მიიტანა ჩვენი წერილობითი პასუხი. ვიტყოდი, რომ მასში გაწერილია სერიოზული დიპლომატიური წინსვლის გზა, თუკი ამ გზას რუსეთი აირჩევს.

დოკუმენტი, რომელიც გადავეცით, მოიცავს აშშ-ის, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების შეშფოთებას რუსეთის ქმედებების გამო, რაც ძირს უთხრის უსაფრთხოებას, აგრეთვე რუსეთის მიერ გამოხატული შეშფოთების პრინციპულ და პრაგმატულ შეფასებას და ჩვენს წინადადებებს, რომლებიც ეხება სფეროებს, სადაც შეიძლება საერთო ენის პოვნა.

მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არსებობს ძირითადი პრინციპები, რომლებსაც მხარს დავუჭერთ და დავიცავთ, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე სახელმწიფოების მიერ თავიანთი უსაფრთხოების მოწყობის გზებისა და ალიანსების არჩევის უფლების ჩათვლით.

ჩვენს დოკუმენტში შევეხეთ უკრაინაში ძალების განლაგებაზე შესაძლო ურთიერთგამჭვირვალების ზომებს, აგრეთვე ევროპაში სამხედრო წვრთნებსა და მანევრირებასთან დაკავშირებით ურთიერთნდობის ამაღლებას.

შევეხეთ სხვა სფეროებსაც, სადაც ვხედავთ პროგრესის პოტენციალს, იარაღის კონტროლის ჩათვლით, რაც ეხება ევროპაში რაკეტების განლაგებას, ჩვენს ინტერესს მივყვეთ START-ის ახალ ხელშეკრულებას, რომელიც ფარავს ყველა სახის ბირთვულ იარაღს და გამჭვირვალებისა და სტაბილურობის გაზრდის გზებს.

ეს იდეები წარმოვადგინეთ იმიტომ, რომ მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის შემთხვევაში, არსებობს მათზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა, რითაც გაიზრდება ჩვენი, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოება და ასევე უპასუხებს რუსეთის შეშფოთებას ორმხრივი მონდომების შემთხვევაში.

ჩვენი პასუხი რუსეთისადმი ასახავს იმას, რაც მე კიევში, ბერლინსა და ჟენევაში გასულ კვირაში განვაცხადე.

ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, უპირატესობას ვანიჭებთ დიპლომატიას და მზად ვართ წინ წავიწიოთ იმ მიმართულებით, სადაც არის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის შესაძლებლობა, თუკი რუსეთი მოახდენს უკრაინის მიმართ ვითარების დეესკალაციას, შეწყვეტს დაპირისპირების რიტორიკას და ჩაერთვება ევროპის უსაფრთხოების მომავალზე მსჯელობაში, ორმხრივობის სულისკვეთებით.

ჩვენი პასუხები იყო სრულად კოორდინირებული უკრაინასთან, ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რომლებთანაც კვირებია უწყვეტად ვაწარმოებთ კონსულტაციას. მათი წვლილიც არის შეტანილი საბოლოო დოკუმენტში, რომელიც მოსკოვს მივაწოდეთ.

გარდა ამისა, ნატომ შექმნა და მოსკოვს გაუგზავნა თავისი დოკუმენტი იდეებზე ევროპის კოლექტიურ უსაფრთხოებაზე და ეს დოკუმენტი აძლიერებს ჩვენსას და პირიქით. არ არსებობს განსხვავებები აშშ-სა და ჩვენს მოკავშირეებს, პარტნიორებს შორის ამ საკითხებზე.

ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი პასუხი კონგრესს და მე მექნება კომუნიკაცია ჩვენი ქვეყნის ლიდერებთან დღესვე, მოგვიანებით და გავივლი კონსულტაციას ჩვენს მიდგომაზე.

როგორც იცით, არსებობს ძლიერი, ორპარტიული ინტერესი კონგრესში, როცა საქმე ეხება უკრაინასა და რუსეთს და ძალიან ვაფასებთ კონგრესის, როგორც პარტნიორის ყოლას ამ საკითხში წინსვლისთვის.

ჩვენ არ ვასაჯაროებთ დოკუმენტს, რადგან ვთვლით, რომ დიპლომატიას წარმატების საუკეთესო შანსი აქვს, თუკი დავტოვებთ სივრცეს კონფიდენციური მოლაპარაკებებისთვის. იმედი გვაქვს, რუსეთსაც მსგავსი შეხედულება ექნება და სერიოზულად მოეკიდება ჩვენს წინადადებებს.

ვაპირებ დაველაპარაკო საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს მომდევნო დღეებში, მას შემდეგ, რაც მოსკოვს მიეცემა დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობა და მზად იქნება შემდეგი ნაბიჯების განსახილველად.

არ უნდა არსებობდეს რაიმე ეჭვები ჩვენი მიზნების სერიოზულობაზე, როცა საქმე დიპლომატიას ეხება და ჩვენ იმავე კონცენტრაციითა და ძალით ვმოქმედებთ უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისთვის და ვემზადებით სწრაფი, ერთიანი პასუხისთვის რუსეთის აგრესიაზე.

მიმდინარე კვირაში აშშ-ის სამხედრო დახმარების სამი წყება ჩავიდა კიევში, დამატებითი „ჯაველინის“ რაკეტებით და სხვა ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებით. 283 ტონა შეიარაღება და არალეტალური აღჭურვილობა, რომელიც უმნიშვნელოვანესია უკრაინაში წინა ხაზის დამცველებისთვის. მომავალ დღეებში მეტი ტვირთი ჩავა.

ჩვენ გასულ წელს უკრაინას მივაწოდეთ თავდაცვის მეტი დახმარება, ვიდრე რომელიმე სხვა წელიწადს.

გასულ კვირაში აშშ-ის მოკავშირეებს: ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის ჩათვლით, მივანიჭეთ უფლებამოსილება, თავიანთი მარაგებიდან უკრაინისთვის მიეწოდებინათ აშშ-ის წარმოების სამხედრო აღჭურვილობა.

გასულ კვირაშივე კონგრესს შევატყობინეთ ჩვენს განზრახვაზე უკრაინისთვის, ახლა ჩვენი თავდაცვის სამინისტროს რეზერვში არსებული, MI-17 ტიპის 5 ვერტმფრენის მიწოდების თაობაზე.

აგრეთვე, თავდაცვის მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ 8500 ამერიკელი სამხედრო, რომლებიც ახლა არიან ევროპასა და აშშ-ში, მოყვანილი არიან დისლოკაციისთვის უმაღლესი მზადყოფნის რეჟიმში იმის უზრუნველსაყოფად, რომ მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ნატოს რეაგირების ძალებს სწრაფად, თუკი მათ აამოქმედებს ჩრდილოატლანტიკური საბჭო მოკავშირეების აღმოსავლეთ ფლანგის გასამაგრებლად.

ნატოს სხვა მოკავშირეებმაც გამოაცხადეს მათ მიერ გადასადგმელი ნაბიჯებისთვის მზადყოფნის შესახებ. და ასეთი იქნება მეტი მომდევნო დღეებში.

ჩვენ ეს ნაბიჯი გააზრებულად გადავდგით. ვიმედოვნებთ, არ გახდება საჭირო ამ ძალების გააქტიურება და მათი დისლოკაცია. მაგრამ, თუკი საჭირო გახდება, ჩვენ მზად ვიქნებით ამისთვის.

ჩვენ ასევე ვაგრძელებთ კოორდინაციას ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მკაცრ ეკონომიკურ სანქციებზე იმისათვის, რომ მოსკოვს პასუხი ვაგებინოთ მის ქმედებებზე.

შევიმუშავეთ მაღალი ზეგავლენის მომხდენი სწრაფი რეაგირების მექანიზმი, რომელიც მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკასა და საფინანსო სისტემას.

ჩვენი რეაგირების ფარგლებში ვაპირებთ ექსპორტზე კონტროლის დაწესებასაც, რომელსაც უფრო გრძელვადიანი ეფექტი ექნება და რითაც რუსეთს უარს ვეტყვით იმ პროდუქციაზე, რომელიც მას სჭირდება თავისი სტრატეგიული ამბიციების დასაკმაყოფილებლად.

ამ ყველაფრის გარდა, ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და პარტნიორები დახმარებას უზრდიან უკრაინას მრავალგვარად და ერთმანეთის გაძლიერების გზით.

ადრეც ბევრჯერ მომხდარა, რომ ალიანსი და მოკავშირეები ერთიანდებიან ჩვენი პარტნიორების მხარდასაჭერად და ხელშეუხებელი პრინციპების დასაცავად, რითაც ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფილია უპრეცედენტო უსაფრთხოება და სტაბილურობა ევროპასა და მსოფლიოში.

დაბოლოს, ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს რუსეთის მადესტაბილიზებელი ქმედებების მეორად უარყოფით შედეგებთან გამკლავებაში. მაგალითად, იცით, რომ უკრაინის ეკონომიკასა და ფინანსურ მდგომარეობაზე ამ კრიზისმა იქონია ზეგავლენა და ისე, როგორც ვაძლიერებთ უკრაინის უსაფრთხოებას, ასევე განვიხილავთ მისი ეკონომიკის ხელშეწყობას, იმ დახმარებაზე დამატებით, რასაც ვუწევთ უკრაინას. ამასვე აკეთებენ ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და პარტნიორები. ამ თემასაც განვიხილავ დღეს კონგრესში.

ვდგამთ ნაბიჯებს მსოფლიოში ენერგომომარაგების უწყვეტობისთვის, თუკი ასეთი მოხდება, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადაწყვეტს ინსტრუმენტად გამოიყენოს თავისი გაზი და გადაუკეტოს ის ევროპას მეტად, ვიდრე აქამდე უქნია.

ჩვენ ვმსჯელობთ მთავრობებთან და მთავარ მწარმოებლებთან მთელ მსოფლიოში მათ შესაძლებლობებზე. ჩართულები ვართ დეტალურ განხილვაში ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ჩვენი საპასუხო ქმედებების კოორდინაციისთვის - მათ შორის, იმაზე - მაქსიმალურად რაციონალურად როგორ განათავსონ თავიანთი არსებული ენერგომარაგები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შევარბილოთ ფასების შოკის ეფექტი და უზრუნველვყოთ, რომ ადამიანებს აშშ-ში, ევროპასა და მსოფლიოში ჰქონდეთ საჭირო ენერგორესურსები იმისდა მიუხედავად, რას გადაწყვეტს რუსეთი.

ჩვენი ბოლო კვირების მოქმედებებმა უფრო მკაფიო გახადა არჩევანი, რომლის წინაშეც ახლა რუსეთი დგას.

ჩვენ დავსახეთ დიპლომატიის გზა და მძაფრი შედეგები იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი შემდგომი აგრესიის გზას აირჩევს. მეტი დახმარება შევთავაზეთ უკრაინას უსაფრთხოებისა და ეკონომიკის გასაძლიერებლად და ჩვენ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ვართ ერთიანნი.

ჩვენ ვაგრძელებთ ზეწოლას და მზადებას.

რუსეთის გადასაწყვეტია - როგორი იქნება მისი პასუხი. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი გზისთვის“.

სიტყვის დასასრულს ენტონი ბლინკენმა ამერიკის მოქალაქეებს ურჩია დატოვონ უკრაინა, რადგან რუსეთის შეჭრისა და ვითარების მკვეთრად გაუარესების შემთხვევაში, აშშ-ის მთავრობა ვერ უზრუნველყოფს თითოეული მათგანის დაცვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG