Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან


რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე იმყოფებიან და ყველა მხარემ კონსტრუქციული მონაწილეობა უნდა მიიღოს კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა ბრიუსელში, 26 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. სტოლტენბერგის თქმით, ნატო განაგრძობს მჭიდრო კოორდინაციას უკრაინასთან და სხვა პარტნიორებთან, მათ შორის ფინეთთან, შვედეთთან, საქართველოსთან და ევროკავშირთან.

26 იანვარს ნატომ რუსეთს გაუგზავნა წინადადებები უკრაინის გარშემო შექმნილი დაძაბული სიტუაციის დეესკალაციის და უთანხმოების დიპლომატიური გზებით დაძლევის შესახებ. როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატო მტკიცედაა დარწმუნებული, რომ დაძაბულობა და უთანხმოება უნდა გადაწყდეს დიალოგის და დიპლომატიის გზით და არა ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით.

პრესკონფერენციაზე გენერალურ მდივანს რუსმა ჟურნალისტმა ჰკითხა, მაშინ, როცა ნატო უარს ამბობს უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხში კომპრომისზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გაუქმდება. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მისდევს ძირითად პრინციპებს, რომლებსაც მრავალი წელია ეფუძნება ევროპული უსაფრთხოება და ეს ნიშნავს, რომ პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენულ უფლებას, თავად აირჩიონ უსაფრთხოების რომელი სისტემის ნაწილად ყოფნა სურთ.

სტოლტენბერგის თქმით, სწორედ ამის გამო, ნატო პატივს სცემს საქართველოს და უკრაინის გადაწყვეტილებას, ორივე ქვეყანასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა და ამჟამად ყურადღება კონცენტრირებულია რეფორმებზე, რომელთა მიზანია თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზება და ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობა.

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ნატოს მკაფიო პოზიცია, რომ ალიანსში გაწევრიანების განაცხადის წარდგენა ნებისმიერი ქვეყნის უფლებაა და ამ საკითხში ნატო კომპრომისზე არ მიდის. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, პოლიტიკურ დიალოგში რუსეთის ჩასართავად სერიოზული ძალისხმევის პარალელურად, რუსეთს მკაფიო სიგნალს უგზავნიან, რომ თუ უკრაინის ან რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ ძალას ისევ გამოიყენებს, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 ათასამდე სამხედროს განთავსებასთან ერთად, 2021 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან შეთანხმების პროექტები. რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ აშშ-მა და ნატომ არ დაუშვან აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაძლიერება და ალიანსში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღება. ასევე, უარი თქვან სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ნატომ და აშშ-მა რუსეთს წერილობითი პასუხები 26 იანვარს გაუგზავნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG