Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ შშმ მოზარდის ცემის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს პატიმრობა შეუფარდა


23 იანვარს არასრულწლოვანი შშმ ბიჭის ცემის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს, ნუკრი ბაქრაძესა და კახაბერ ბაკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ბრალი დაუმტკიცდათ, ეს არის აღკვეთის ღონისძიება მომავალ სასამართლო სხდომამდე.

"ვინაიდან პოლიციის მუნდირიც ვერ გახდა ბრალდებულების ქცევის შემაკავებელი გარანტი, ამ შემთხვევაში პატიმრობაზე ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ვერ იქნება მათი ქცევის მაკონტროლებელი", - თქვა პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ სასამართლო სხდომაზე.

პროკურორის თქმით, იმის მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოწმეები და დაკავებულებიც ადასტურებენ, რომ იმ დღეს ბრალდებული პოლიციელები მუშაობდნენ მეტროსადგურ "ისანში", დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

როგორც ადვოკატმა თქვა, ბრალდებული კახაბერ ბაკაშვილი პოლიციაში 23 წელია მუშაობს.

ბაკაშვილის ადვოკატი მიიჩნევდა, რომ რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებდა დანაშაულს, არ უნდა გამოეყენებინა მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიება. იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას გადაწყვეტდა, ბრალდებულის ადვოკატი ითხოვდა, ბაკაშვილს გირაოს სახით შეფარდებოდა 10 ათასი ლარის გადახდა.

ბაქრაძის ადვოკატი კი ამბობდა, რომ სასამართლო თუ აღკვეთის ღონისძიებას გამოიყენებდა, უნდა შეეფარდებინა ბრალდებულისთვის 20 ათასი ლარი.

მოსამართლემ არ გაიზიარა ადვოკატების პოზიცია და სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ ასე განმარტა:

"მხოლოდ მიმალვის საფრთხეზე არ აკეთებს სასამართლო აქცენტს. არსებობს ასევე ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები. გასათვალისწინებელია ის, რომ ჩადენილია განზრახი დანაშაული, ორივე ბრალდებული არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და როგორც საქმის მასალებით იკვეთება, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, სრულიად უმიზეზოდ იქნა აღნიშნული დანაშაული ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, ვინც უნდა იცავდეს წესრიგს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მათი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე".

მომავალი სხდომა 15 მარტს ჩაინიშნა.

პოლიციელის მიერ შშმ არასრულწლოვანზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეომასალა 24 იანვარს გავრცელდა. ვიდეოკადრებში ჩანდა, როგორ სცემდა მეტროში პოლიციელი ბიჭს. მას უხსნიდნენ, რომ არასრულწლოვანს საუბარი არ შეეძლო.

"ეს ყრუ-მუნჯია?! რომ ავალაპარაკო ახლა?!" - ასე პასუხობდა პოლიციელი.

25 იანვარს გახდა ცნობილი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამოძიების საფუძველზე დააკავეს პოლიციელი, რომელსაც ბრალად ედება არასრულწლოვანის, შშმ მოზარდის ცემა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ასევე დააკავეს პოლიციელი, რომელიც ფაქტს შეესწრო და ამის შესახებ არ აცნობა საგამოძიებო უწყებებს.

ინსპექტორის სამსახურის თანახმად, პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის (ძალადობის) ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 144 მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა","ბ" და "ზ" ქვეპუნქტებით დააკავეს, მისი კოლეგა კ.ბ. კი, რომელმაც დანაშაული არ შეატყობინა სამართალდამცავებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით - 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

  • დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პოლიციელს ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება;
  • მისი კოლეგა, წაყენებული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG